საქართველოში ევროკავშირის ელჩის, იანოშ ჰერმანის განცხადებით, ევროკავშირი ევროკავშირის მისიებისა და ოპერაციების ფარგლებში ჩადენილ სექსუალური ძალადობის ფაქტებსა და სისხლის სამართლის ნებისმიერ დანაშაულს ნულოვანი ტოლერანტობის პრინციპით უდგება.
გაეროს მიერ ქართული კონტიგენტის სამხედროების მიმართ გამოთქმულ ბრალდებეთან დაკავშირებით, ელჩმა ასევე აღნიშნა, რომ ეს არის ჩვენებეზე დაფუძნებული ბრალდებები და მათი გამოძიება უმნიშვნელოვანესია.
,,ჩვენ ახლა ჩვენებებზე დაფუძნებული ბრალდებები გვაქვს და სწორი იქნება აღვნიშნოთ, რომ ეს საკითხი კარგად უნდა განიმარტოს. ყველა ქვეყანას, რომელიც ევროკავშირის ოპერაციებში საკუთარ სამხედროებს გზავნის, აქვს ნათელი ვალდებულებები ევროკავშირის მორალური სტანდარტების და ნულოვანი ტოლერანტობის პოლიტიკის მიმართ", - აღნიშნა ჰერმანმა და დასძინა, რომ მომხდართან დაკავშირებით გამოძიება პირველ რიგში იმ ქვეყნების მიერ უნდა მოხდეს, რომელთა სამხედროების მიმართაც ისმის ბრალდებები.
გაერო-ს ადამიანის უფლებათა უმაღლესმა კომისარმა გაავრცელა ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც, ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში ევროკავშირის მისიის ფარგლებში მყოფ ჯარისკაცებს ადგილობრივი არასრულწლოვნები სექსუალურ ძალადობაში ადანაშაულებენ. გაერო-ს ცნობით, არასრულწლოვნებმა დაასახელეს მისიის ქართული კონტიგენტის სამხედროებიც.