თურქეთის საჰაერო-სამხედრო ძალები განგაშის ნარინჯისფერ დონეზეა გადაყვანილი. ინფორმაციას ამის შესახებ თურქეთის სამთავრობო სააგენტო Anadolu Agency ავრცელებს.
ადგილობრივი სამხედრო პირების განმარტებით, გამოცხადებული განგაშის ფორმა გულისხმობს ყველაფრისთვის სრულ მზადყოფნას და მფრინავების მხრიდან დაუყოვნებლივ პასუხს ხელმძღვანელობასთან შეთანხმების გარეშე.
თუქრეთში განგაშის 3 ძირითად ფორმას იყენებენ: თეთრი (თავდასხმის მცირე ალბათობა), ყვითელი (თავდასხმის ალბათობა არსებობს) და წითელი (შეტაკების ან ომის მაღალი ალბათობა), თუმცა სამხედრო-საჰაერო ძალებისთვის არსებობს ასევე ნარინჯისფერი დონე, რომელიც ფორმალურად ნიშნავს, რომ შეტაკებები ნებისმიერ დროს შეიძლება განხორციელდეს და სამხედრო ძალები მზად უნდა იყვნენ თავდაცვისა და თავდასხმისთვის.
გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, 29 იანვარს, ადგილობრივი დროით 11:46 საათზე, რუსეთის მოიერიშე ბომბდამშენმა "სუ-34"-მა თურქეთის საჰარეო სივრცე გადაკვეთა. ვიდრე რუსული თვითმფრინავი საზღვარს დაარღვევდა, მფრინავი რუსულ და ინგლისურ ენებზე არაერთხელ გააფრთხილეს.
თურქეთის საგარეო უწყების განცხადებით, ამგვარი მოქმედებები შესაძლოა, სერიოზულ შედეგებამდე მივიდეს, რაზეც პასუხისმგებლობა მთლიანად რუსეთის ფედერაციას დაეკისრება. ანკარაში კიდევ ერთხელ მოუწოდებენ მოსკოვს, არ დაარღვიოს თურქეთის საჰარეო სივრცე, რომელიც ნატოს საჰაერო სივრცეა.
ინციდენტთან დაკავშირებით, რუსეთის ელჩი თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიბარეს და რუს დიპლომატს პროტესტი გადასცეს.