სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის ვახტანგ გომელაურის განცხადებით, პანკისში სრულიად მშვიდი ვითარებაა. რუსეთის ფედერაციის მიერ, ახმედ ჩატაევთან და ,,ისლამური სახელმწიფოს“ კავკასიური დაჯგუფების გეგმების შესახებ გავრცელებულ ინფორმაციაზე საუბრისას გომელურმა ასევე აღნიშნა, რომ ჩატაევი თავის დროზე კანონიერად იქნა გათავისუფლებული ქართული სასამართლოს მიერ.
"პანკისში სრულიად მშვიდი ვითარებაა. თამამად შეგვიძლია განვაცხადოთ, რომ იქ არავითარი დაჯგუფებები არ მზადდება. რაც შეეხება ჩატაევს, ის კანონიერად გათავისუფლდა და შეცდომა იყო თუ რა იყო, ეს გადაწყვეტილება იყო მიღებული. პასუხს ვერ გავცემთ ვერც ერთ ქვეყანას თუ რას ამზადებს ის და რას გეგმავს. თუ ჩვენ გვექნება რაიმე ინფორმაცია, რა თქმა უნდა, ჩვენს პარტნიორ ქვეყნებს მივაწვდით. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, პანკისის ხეობაში სიმშვიდეა და არანაირი პრობლემა არ არსებობს დღესდღეობით, "- განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.
რუსი მაღალჩინოსნის განცხადებით, რუსეთის სპეცსამსახურებითვის ცნობილი გახდა, რომ ისლამური სახელმწიფოს (ISIS) კავკასიურ ბატალიონს აჰმედ ჩეტაევი – მეტსახელად "ცალხელა" მეთაურობს. მისივე განცხადებით, ეს ბატალიონი ტერაქტებს რუსეთისა და ევროპის ტერიტორიაზე გეგმავს.