საგარეო საქმეთა მინისტრის მიხეილ ჯანელიძის განცხადებით, საქართველოს აქვს სურვილი, რომ რუსეთთან ჰქონდეს ნორმალური და კეთილმეზობლური ურთიერთობები, რასაც ხელს უშლის ოკუპირებული ტერიტორიების არსებობა.
,,ჩვენ გვაქვს კარასინი-აბაშიძის ფორმატი, რომლის ფარგლებშიც ჩვენ შევძელით გარკვეული დადებითი შედეგების მიღწევა. მათ შორის, ეკონომიკური და საერთაშორისო ურთიერთობების კუთხით. ამასთან ერთად, საქართველო ყოველთვის იყო და რჩება ღია რუსული ბიზნესისთვის და საერთაშორისო ურთიერთობებისთვის, თუმცა, სამწუხაროდ, ჩვენს სურვილს გვქონდეს ნორმალური და კეთილმეზობლური ურთიერთობები, ხელს უშლის საერთაშირისო კონფლიქტი, რომლის შედეგადაც დღეს ოკუპირებულია ჩვენი ტერიტორიები რუსეთის მიერ“, - განაცხადა მიხეილ ჯანელიძემ.
რას შეეხება რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის სერგეი ლავროვის განცხადებას ქართველ კოლეგასთან შესაძლო შეხვედრაზე, მინისტრმა განაცხადა, რომ თუ იქნება შესაბამისი გარემოებები შეიძლება ეს შეხვედრა შედგეს.
ჯანელიძე აქვე დეპუტატ ნუკრი ქანთარიას განცხადებას გამოეხმაურა, იმასტან დაკავშირებით, რომ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს არ გააჩნია საკმარისი გამოცდილება, რათა რუს კოლეგასთან მოლაპარაკებები აწარმოოს. მინისტრის განცხადებით, საქართველო არის დემოკრატიული ქვეყანა და ყველა ადამიანს აქვს უფლება გამოხატოს საკუთარი აზრი.
„მე ვარ ნდობით აღჭურვილი პრემიერის მხრიდან, საქართველოს პარლამენტის მხრიდან. საქართველო დემოკრატიული ქვეყანაა. ყველა ადამიანს აქვს პოზიციის გამოხატვის შესაძლებლობა, მათ შორის უმრავლესობის წარმომადგენელსაც“, - განაცხადა ჯანელიძემ.