ჰააგის საერთაშორისო სასამართლოს მიერ 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის გამოძიების საკითხს საია-ს თავმჯდომარე ანა ნაცვლიშვილი ეხმაურება და აცხადებს, რომ ჰააგაში ტიტანური შრომაა გასაწევი.
მისი განმარტებით, ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია პირველივე დღეებიდან იყო ჩართული იმ დოკუმენტირების მომზადებაში, რომელიც საერთაშორისო სასამართლომ უნდა გამოიყენოს.
,,ეს არის ფასდაუდებელი მასალა, რომელიც არასამთავრობო ორგანიზაციებმა მოაგროვეს ცხელ კვალზე, რადგან დღეს უკვე ბევრი ამ მტკიცებულების ფიზიკურად შეგროვება შეუძლებელი იქნებოდა. ეს არის მხოლოდ პირველი ნაბიჯი და პროცესის დასაწყისი. ტიტანური შრომაა გასაწევი იმისათვის, რომ მართლმსაჯულებამ იზეიმოს ჰააგაში. აქ გადამწყვეტი სახელმწიფო უწყებების და არასამთავრობო ორგანიზაციების აქტიურობაა," - აღნიშნა ანა ნაცვლიშვილმა.
ჰააგის სასამართლოსთვის მასალების მიწოდებაში პოლიტიკოსებთან ერთად, აქტიურად იქნებიან ჩართული არასამთავრობო ორგანიზაციებიც, მათ შორის ერთ-ერთი იქნება საია,რომელმაც საკმაოდ მოცულობითი მასალა მოაგროვა რუსეთ-საქართველოს ომთან დაკავშირებით.