ძიუდოს ფედერაციის პრეზიდენტი დავით ქევხიშვილის განცხადებით, ზურაბ ზვიადაური ,,იმ ჯგუფის ნაწილია, ვინც თვლის, რომ ძიუდო მის გარშემო უნდა ბრუნავდეს”. ოლიმპიური ჩემპიონის ბრალდებებს ქევხიშვილმა ბრალდებებითვე უპასუხა.
"თუ ვინმე თავად არის დაბრუნებული 90-იან წლებში ეს მისი პრობლემაა. საქართველოს ძიუდოს ფედერაციას და ზოგადად, ნაკრებს არა თუ უკანასკნელ პერიოდში, არამედ არასდროს ქონია ის პირობები, რაც აქვს. მას სჩვევია, განსაკუთრებით ბოლო პერიოდში, რადგან ის იმ ჯგუფის ნაწილია, ვინც თვლის, რომ ძიუდო მის გარშემო უნდა ბრუნავდეს. პირიქით, იქით არის მისათითებელი, რომ სამი წლის განმავლობაში არა თუ დახმარება, არამედ ხელის შეშლის მეტი მისგან, ზოგადად, მითუმეტეს იმ ფორმატში, რაშიც მათ შეეძლოთ ძიუდოსთვის ძალიან ბევრი გაეკეთებინათ, არაფერი გაუკეთებიათ," - აღნიშნა დავით ქევხიშვილმა.
როგორც ცნობილია, ზურაბ ზვიადაურმა პარლამენტის სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა კომიტეტის სხდომაზე დავით ქევხიშვილი ნაკრების წამყვან ძიუდოისტებთან ცუდ დამოკიდებულებაში დაადანაშაულა და კომიტეტს საქმის შესწავლისკენ მოუწოდა.
,,ვფიქრობ, ძიუდოს ფედერაციაში დაბრუნდა და ბრუნდება 1990-იანი წლები,“ - განაცხადა ზვიადაურმა.