ირანის პრეზიდენტმა, ჰასან რუჰანიმ იტალიაში ვიზიტის დროს თითქმის 17 მილიარდი დოლარის ოდენობის შეთანხმებები გააფორმა. "ბიბისის" ინფორმაციით, იტალიურ კომპანიებთან კონტრაქტები ძირითადად ენერგეტიკისა და ინფრასტრუქტურის სფეროში გაფორმდა.
იტალიაში ვიზიტის დროს რუჰანი იტალიის პრემიერმინისტრ მატეო რენცის შეხვდა. დღეს კი დაგეგმილია რომის პაპთან შეხვედრა.
მას შემდეგ რაც დასავლეთმა თეირანის წინააღმდეგ სანქციების მოხსნის გადაწყვეტილება მიიღო, ირანის პრეზიდენტი ევროპაში ოფიციალური ვიზიტით პირველად იმყოფება.ევროპული ტურნეს ფარგლებში, ჰასან რუჰანი პარიზშიც გაემგზავრება, სადაც იგეგმება კიდევ ერთი მასშტაბური შეთანხმების გაფორმება კომპანია Airbus-თან, რომლის თანახმადაც, ირანი 100-ზე მეტ თვითმფრინავს შეიძენს.
ირანის დელეგაცია 120 ადამიანისგან შედგება. მათ შორის არიან როგორც მთავრობის წარმომადგენლები, ასევე ბიზნესმენები. ირანული დელეგაციის ვიზიტის მიზანს ევროპასთან კავშირების აღდგენა წარმოადგენს. სანქციების გაუქმების შემდეგ, ირანი და ჩინეთი შეთანხმდნენ, რომ მომდევნო 10 წლის განმავლობაში, სავაჭრო ბრუნვა 600 მლრდ დოლარამდე გაზარდონ.