დღეს, 17 მაისს, საქართველოს უცხოეთში მცხოვრები 30-მდე ქართველი ბიზნესმენი ეწვევა.
როგორც "ჯი-ეიჩ-ენს" საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროდან აცნობეს, ბიზნესმენების ვიზიტი ეკონომიკური განვითარების სამინისტროსა და დიასპორის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპატარის ერთობლივი პროექტის - "დაბრუნება საქართველოში" ფარგლებში შედგება.
ვიზიტს ფარგლებშ,ი დღეს სასტუმრო "ქორთიარდ მარიოტში" ბიზნეს-ფორუმი გაიმართება. ფორუმს ეკონომიკური განვითარების მინისტრი ზურაბ პოლოლიკაშვილი, სახელმწიფო მინისტრი დიასპორის საკითხებში პაპუნა დავითაია, ასევე თბილისის მერიის, საინვესტიციო სააგენტოსა და ქართული კომპანიების წარმომადგენლები დაესწრებიან.
ფორუმის ფარგლებში საქართველოს საინვესტიციო პოტენციალთან დაკავშირებით პრეზენტაციები გაიმართება. ამასთან, დაგეგმილია ბიზნეს-დიასპორის წარმომადგენელთა ცალკეული შეხვედრები საქართველოში მოღვაწე კოლეგებთან.
ფორუმის დასრულების შემდეგ ბიზნესმენები სვანეთში გამეგზავრებიან და მესტიას დაათვალიერებენ, დღესვე ისინი ბათუმში ჩავლენ, მომდევნო დღეებში კი, კახეთს ესტუმრებიან.
სტუმრები ასევე მონაწილეობას მიიღებენ ბათუმში სასტუმრო `შერატონის~ გახსნის ცერემონიალში, თბილისში დაესწრებიან სამშენებლო გამოფენის გახსნას და კახეთში ღვინის დეგუსტაციას.
ვიზიტის ფარგლებში ბიზნეს-დიასპორის დელეგაციის წევრები საქართველოს პრეზიდენტს, პრემიერ-მინისტრს და მთავრობის სხვა წარმომადგენლებს შეხვდებიან, დაგეგმილია შეხვედრა უწმინდესთან და უნეტარესთან, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქთან, ილია მეორესთან.
პროექტის "დაბრუნება საქართველოში" მიზანია უცხოეთში მცხოვრებ წარმატებულ ქართველ ბიზნესმენებს შესაძლებლობა შეუქმნას კაპიტალი საქართველოში დააბანდონ და საკუთარი წვლილი შეიტანონ მის ეკონომიკურ განვითარებაში.
პროექტის ფარგლებში, საქართველოში ამჯერად თურქეთში, კვიპროსში, აშშ-ში, კანადაში, რუსეთში, ტაჯიკეთში, ჩეხეთში, სლოვაკეთში, ისრაელში, ბელგიაში, ესპანეთსა და უკრაინაში მცხოვრები ქართველი ბიზნსმენები ჩამოვლენ. მათი ვიზიტი 20 მაისს დასრულდება.