ავღანეთში გასაგზავნი ჰუმანიტარული საქონლის გარკვეულ მარაგას აშშ საქართველოში შეისყიდის.
როგორვ "ჯი-ეიჩ-ენს" საქართველოში ამერიკის სავაჭრო-სამრეწველო პალატადან აცნობეს, ამერიკის მთავრობას საქონლის გარკვეული მარაგის საქართველოში შესყიდვა ავღანეთში სატრანსპორტო ხარჯების შემცირების მიზნით აქვს დაგეგმილი.
საქართველოში მომუშავე 60 კომპანიის წარმომადგენლებისთვის USTRANSCOM-მა საინფორმაციო სემინარი ჩაატარა, რომლის მიზანი კომპანიების წარმომადგენლებისთვის აღნიშნულ პროცესში ჩართვის პირობების გაცნობა იყო. კომპანიებს შემსყიდველ აგენტებთან პირისპირ შეხვედრების შესაძლებლობაც მიეცათ.
აღნიშნული მისიის მონაწილეები შეიძლება ის მეწარმეები გახდნენ, რომლებიც სხვადასხვა დარგებში მუშაობენ - საკვები პროდუქტების წარმოება (გარდა ახალი საკვებისა), მაგალითად დაკონსერვებული საკვები, მშრალი საკვები, დაფასოებული წყალი და სხვა. სამშენებლო მასალების წარმოება; საოფისე და საყოფაცხოვრებო ნივთების წარმოება, მაგალითად ქაღალდი, კარტრიჯი, საწმენდი საშუალებები, რვეულები, პასტები და ა.შ.
თუმცა, იმისთვის, რომ კომპანია აღნიშნული მისიის მიმწოდებელი გახდეს, ხარისხის სტანდარტებისა და სხვა რეგულაციების დაკმაყოფილებაა საჭირო, რომელიც სემინარზე კომპანიის უკვე წარმომადგენლებს გააცვნეს.
სემინარი გათვლილი იყო იმ საშუალო და მსხვილმწარმოებლებზე, მიმწოდებლებსა და დისტრიბუტორებზე, რომელთაც საერთაშორისო ვაჭრობის და აღნიშნული პროდუქტების ექსპორტირების გარკვეული გამოცდილება გააჩნიათ.