დღეს, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან გამართულ სამუშაო შეხვედრაზე მასწავლელბელთა პროფესიული ეთიკის კოდექსის სამუშაო ვარიანტის განხილვა მოხდა. შეხვედრაში მონაწილეობას იღებდნენ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე ირინე ქურდაძე, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ცენტრის ხელმძღვანელი გია მამულაშივლი და ცენტრის თანამშრომლები.
შეხვედრაზე აღინიშნა, რომ სასწავლო პროცესის სრულყოფისთვის აუცილებელია, სკოლამ არა მარტო ხარისხიანი ცოდნა შესთავაზოს მოსწავლეს, არამედ სასწავლო პროცესში მონაწილე მხარეებს შორის ეთიკურად მიზანშეწონილი და საზოგადოებრივად გამართლებული ურთიერთობების დამკვიდრებას შეუწყოს ხელი.
როგორც ცნობილია, მასწავლებელთა პროფესიული ეთიკის კოდექსი ადგენს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების მასწავლებლის პროფესიული ქცევის წესებს, რომლითაც ფასდება მასწავლებლის პროფესიული კომპეტენტურობის ხარისხი და რომელთა დაცვა მასწავლებელს მოსწავლეების, მშობლების კანონიერი წარმომადგენლების, მასწავლებლების და სკოლაში დასაქმებული სხვა პირების მიმართ მოეთხოვება.
როგორც დღევანდელ შეხვედრაზე ითქვა, მასწავლებლის პროფესიული ეთიკის კოდექსი საქართველოში სიახლეა, თუმცა არ არსებობს დასავლეთის განვითარებული ქვეყანა, სადაც პროფესიული ეთიკის კოდექსი არ არსებობდეს ან უნივერსიტეტებში არ ისწავლებოდეს მომავალი მასწავლებლებისათვის პედაგოგიური ეთიკა.
შეგახსენებთ, რომ მასწავლებელთა პროფესიულ ეთიკის კოდექსზე სამუშაო შეხვედრები უკვე მოეწყო სხვადასხვა სამუშაო ჯგუფებთან და ანალოგიური სამუშაო შეხვედრები მრჩეველთა საბჭოსთან, დარბაზის წევრებთან და საზოგადოების წევრებთნ მომავალშიც მოეწყობა.