უფლებათადაცველი მერაბ ბლადაძე შს მინისტრის პირველ მოადგილედ ბესიკ ამირანაშვილის დანიშვნას აპროტესტებს და მას კრიმინალი პოლიციელების დამცველად მოიხსენიებს.
ბლადაძე ბოდიშს უხდის ბესიკ ამირანაშვილის მფარველობის ქვეშ მყოფ, „ბოროტმოქმედი პოლიციელების“ მიერ ნაწამებ მოქალაქეებს, იმის გამო რომ ვერ შესძლო მმათი დაცვა.
“პატივცემულ შინაგან საქმეთა მინისტრს მინდა ვუთხრა, რომ კრიმინალების დამცველი არა მე, არამედ თქვენ ხართ, ვინაიდან კრიმინალზე გაცილებით საშიში, კრიმინალი პოლიციელია.........აქვე მინდა ბოდიში მოვუხადო ბესიკ ამირანაშვილის მფარველობის ქვეშ მყოფ, ბოროტმოქმედი პოლიციელების მიერ ნაწამებ მოქალაქეებს. დღევანდელი შსს მინისტრის ბრიფინგის შემდეგ დავინახე, რომ თქვენი უფლებების დაცვა ვერ მოვახერხე.
ერთი გზა გაქვთ: წადით ემიგრაციაში და პოლიტიკური თავშესაფარი მოითხოვეთ, თავს უშველეთ ....მაპატიეთ!!!“, - აცხადებს მერაბ ბლადაძე.
ბლადაძე მღებრიშვილსა და ამირანაშვილსაც მიმართავს, რატომ მოიხსენიებენ მას - უფლებათადაცველს, კრიმინალების მფარველად.
“ვეკითხები შინაგან საქმეთა მინისტრს ბატონ მღებრიშვილს და აწ უკვე მის პირველ მოადგილეს ბატონ ბესიკ ამირანაშვილს: თქვენი აზრით იმ დროს, როდესაც ბრიუსელში, ევროსტრუქტურის წარმომადგენლებს,პატიმრების გაუპატიურებისა და სხვა სახის წამების ვიდეოფირებს ვაჩვენებდი, თქვენი ლოგიკიდან გამომდინარე, მაშინაც კრიმინალების ინტერესებს ვიცავდი,თუ ადამიანის უფლებებს?“, - აცხადებს ბლადაძე.
როგორც „ჯი-ეიჩ-ენს“ მერაბ ბლადაძემ განუცხადა იგი უახლოეს დღეებში საგანგებო ბრიფინგის გამართვას გეგმავს სადაც ბესიკ ამირანაშვილის მიერ ცალკეული პოლიციელებისადმი ლოიალობის კონკრეტულ ფაქტებს გაასაჯაროებს.