რა მოხდა ისეთი, რომ ორი თვის განმავლობაში ენერგეტიკის სამინისტროს პასუხის შინაარსი შეიცვალა. სამინისტროს მიერ გუშინ გაჟღერებული ინფორმაცია არ შეესაბამება ჩვენთვის 2015 წლის 30 ოქტომბერს მოწოდებულ პასუხს "გაზპრომთან" დაკავშირებით, - ამის შესახებ პარლამენტის წევრმა თამარ კორძაიამ განაცხადა.
თამარ კორძაიამ განმარტა, რომ ფრაქცია "რესპუბლიკელები" დაინტერესდა გაზპრომთან მიმდინარე მოპალარაკებების საკითხით და ვრცელი წერილი გააგზავნა ენერგეტიკის მინისტრთან, პასუხი კი 2015 წლის 30 ოქტომბერს მიიღეს.
„გუშინ გაჟღერებული ინფორმაცია არ შეესაბამება ჩვენთვის 30 ოქტომბერს მოწოდებულ პასუხებს. ამ პასუხებში მითითებულია, რომ სოციალური სეგმენტის მოთხოვნის უზრუნველყოფის მიზნით "სოკართან" გაფორმებულია გრძელვადიანი ხელშეკრულება, 2009 წლიდან. სახელმწიფო "გაზპორმიდან" კომერციული სექტორისათვის ამ ეტაპზე არ გეგმავს ბუნებრივი აირის შესყიდვას, რადგან კომერციული სექტორი დერეგულირებულია და კომერციულ მომხმარებლებს აქვს შესაძლებობა თავად აირჩიონ მომწოდებელი“, - განაცხადა კორძაიამ. მისივე თქმით, სამინისტროს პასუხში ჩანს, რომ არც სოციალურ გაზზე და არც კომერციულ გაზზე არ იგეგმებოდა გაზრდა რუსეთიდან გაზის ექსპორტის.
„გუშინ კიდევ გაჟღერდა ინფორმაცია, რომ უნდა გაიზარდოს იმ დეფიციტის შესავსებად რაც აქვს საქართველოს", - განაცხადა თამარ კორძაიამ.
კორძაია მიიჩნევს, რომ საჭიროა დასაბუთება თუ რომელ სეგმენტზე გაიზარდა მოთხოვნა და რა შეიცვალა ამ ორი თვის განმავლობაში ისე, რომ ეს პირობები შეიცვალა და დასძენ, ასევე მნიშვნელოვანია გათვლილი იყო თუ არა პოლიტიკური ფასი ამ ურთიერთობების გაღრმავების და გაზის მოწოდების გაზრდის შემთხვევაში.
"პასუხი იყო ასეთი, რომ იმის გათვალისწინებით, რომ არ იგეგმება ამ ეტაპზე სახელმწიფოს მიერ "გაზპრომიდან" კომერციული გაზის შესყიდვა, პოლიტიკური რისკების მონეტიზაციის საკითხი დღის წესრიგში არ დგას. ორი თვის წინ პოლიტიკური რისკების მონეტიზაცია არ ხდებოდა, ჩვენ გვაინტერესებს ამ ორი თვის განმავლობაში რადგან ვითარება შეიცვალა, მოხდა თუ არა და დაიწყო თუ არა პოლიტიკური რისკების მონეტიზაცია და ასევე გვაინტერესებს რა მოხდა ისეთი, რომ ორი თვის განმავლობაში ამ წერილის შინაარსი შეიცვალა", - განაცხადა თამარ კორძაიამ.