საზოგადოებრივი მოძრაობა „ივერიას“ წარმომადგენელი ნიკა რურუა მიიჩნევს, რომ “გაზპრომის” საქართველოში დაბრუნება ბოლშევიკების შემოსვლის ტოლფასია. მისი შეფასებით, “გაზპრომისთვის“ მწვანე შუქის ანთება ნიშნავს კორუფციისთვის და ოკუპანტი ქვეყნის სასარგებლოდ ჩვენი თანამოქალაქეების გადაბირებისთვის გზის გახსნას.
,,“გაზპრომის” საქართველოში დაბრუნება არაა უბრალო კომერციული ოპერაცია, რომელიც აზერბეიჯანულ გაზს რუსული გაზით ჩაანაცვლებს - ეს ბევრად უარესი ამბავია.
“გაზპრომის”-თვის მწვანე შუქის ანთება ნიშნავს კორუფციისთვის და ოკუპანტი ქვეყნის სასარგებლოდ ჩვენი თანამოქალაქეების გადაბირებისთვის გზის გახსნას; დასავლეთის და მთელი თავისუფალი სამყაროს მხრიდან საქართველოსადმი ინტერესის დაკარგვისთვის გზის გახსნას; ჩვენი ქვეყნის ევროპული ინტეგრაციისგან ჩამოშორებისთვის გზის გახსნას; ეს ნიშნავს ქვეყნის შიგნით უცხო, მტრულად განწყობილი სახელმწიფოს ძირგამომთხრელი საქმიანობისთვის გზის გახსნას; ეს ნიშნავს სახელმწიფო ბიუჯეტის ხელახლა კორუმპირებული ხალხისთვის დასატაცებლად გადაცემისთვის გზის გახსნას; ეს ნიშნავს საქართველოს სუვერენობისა და დამოუკიდებლობის შესუსტებისთვის გზის გახსნას.
ასე სერიოზულადაა საქმე. ამიტომ ენერგეტიკის მინისტრს კალაძეს და მას, ვინც ამგვარ დავალებას აძლევს, არაფრით არ უნდა მივცეთ ჩვენი ქვეყნის ძარცვისა და დამონების სურვილის რეალობად ქცევის უფლება.
ახლა “გაზპრომის” ხელახალი შემოშვება იმას დაემსგავსება, რაც 1921 წელს ბოლშევიკების შემოშვებას მოჰყვა საქართველოსთვის, როცა ქართველი ხალხის დიდ ნაწილს ბოლშევიკებსა და მენშევიკებს შორის განსხვავების პოვნა არ შეეძლო და საკუთარი პასიურობა ამ ორ ძალას შორის შორის მცდარი ტოლობის ნიშნით დასმით სცადა, რაც მოგვიანებით ძალიან ანანეს.
დღეს “გაზპრომის” და შესაბამისად რუსეთის შემოსვლა ბოლშევიკების შემოსვლაა, რაც თავისუფალი სამყაროსთვის საქართველოს ჩამოშორებისა და მოწყვეტის ტოლფასია”, - აცხადებს ნიკა რურუა.