ეკონომიკის ექსპერტი რომან გოცირიძე ვარაუდობს, რომ ,,ნავთობზე ფასებს კარგა ხანს არ უწერია ზრდა''. მისი შეფასებით, ეს იმაზეც მიანიშნებს, რომ ნაკლები საფრთხეებია მოსალოდნელი რეგიონში რუსეთის მხრიდან.
,,საუდის არაბეთმა მკვეთრად შეამცირა ევროპაში გასაყიდი ნავთობის ფასი. ამით სურს არ გახადოს ირანული ნავთობის ამ ბაზარზე დაბრუნება ხელსაყრელი.
ამ დღეებში საუდის არაბეთმა და ზოგიერთმა სხვა არაბულმა ქვეყანამ შეწყვიტა დიპლომატიური ურთიერთობა ირანთან, რომლის აღდგენას დიდი დრო დასჭირდება, ანუ საფასო ომი საკმაო ხანს გასტანს. თუ სირიის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებში რუსეთსა და საუდის არაბეთს შორის წარმოშობილ წინააღმდეგობასაც გავითვალისწინებთ, ფაქტობრივად ნავთობზე ფასის დაგდების პოლიტიკა რუსეთის წინააღმდეგაც არის მიმართული.
აქეთ საბაზრო ტენდენციები, იქით პოლიტიკური მოტივებით მიღებული გადაწყვეტილებები და ნავთობზე ფასებს კარგა ხანს არ უწერია ზრდა. ეს იმას ნიშნავს, რომ ნაკლები საფრთხეებია მოსალოდნელი რეგიონში რუსეთის მხრიდან. მერე ფეხბურთში მსოფლიო ჩემპიონატისთვის უნდა მოემზადოს და იქნებ ცოტა მაინც ამოვისუნთქოთ ამ არაპროგნოზირებადი მეზობლისაგან'',- აცხადებს რომან გოცირიძე.