საქართველოს პრეზიდენტი მიიჩნევს, რომ ე.წ. შეწყალების საქმეზე მისი კომენტარი საჭირო არ არის. დღეს გამართულ ბრიფინგზე გიორგი მარგველაშვილს აღნიშნული საკითხის კომენტირება ჟურნალისტებმა სთხოვეს.
„ამის შესახებ არაერთხელ გავაკეთე განცხადება და არ მგონია, რომ მეტ სიღრმეებში უნდა წავიდე ამ შემთხვევაში. მიმდინარეობს გამოძიება, ეს არის ფართოდ გაშუქებადი პროცესი და ჩემი კომენტარი ამ პროცესს, ვფიქრობ, ნაკლებად ესაჭიროება“, - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.
შეწყალების კომისიის ყოფილი თავმჯდომარე, თბილისის საკრებულოს დამოუკიდებელი დეპუტატი ალეკო ელისაშვილი აცხადებს, რომ ე.წ. კოკაინის საქმეზე მსჯავრდებულების გათავისუფლებით საპარლამენტო უმრავლესობის წევრები - ეკა ბესელია და მანანა კობახიძე იყვნენ დაინტერესებული. მისი თქმით, წელიწადნახევრის წინ, რამდენიმე პოლიტიკოსი შეწყალების კომისიისგან კონკრეტული პატიმრების შეწყალებას ითხოვდა, რაშიც მათ სოლიდური თანხა ჰქონდათ აღებული. ელისაშვილი ასევე აცხადებს, რომ მან საქმის კურსში ჩააყენა საქართველოს პრეზიდენტი.
პროკურატურა აღნიშნულ საქმეზე გამოძიებას აწარმოებს.