ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულომ 2016 წლის ბიუჯეტი დაამტკიცა. როგორც ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგებელმა ედიშერ თოლორაიამ განაცხადა, მომავალი წლის ბიუჯეტი შესაძლებლობას იძლევა, რომ თითოეულმა ზუგდიდელმა იგრძნოს და თვალნათლივ დაინახოს ის სიკეთეები, რაც 2016 არის დაგეგმილი.
„მომავალი წლის პრიორიტეტულ საკითხებს შორისაა ინფრასტრუქტურა, სოციალური პროგრამები, განათლება, კულტურა და ჩვენი მუნიციპალიტეტისთვის მნიშვნელოვანი სხვა საკითხები. ბიუჯეტის უმთავრესი პრიორიტეტი კი ჩვენი მოსახლეობა და მათზე ზრუნვა, არსებული პრობლემების მოგვარებაა“, - განაცხადა თოლორაიამ.
გამგებელმა კომენტარი გააკეთა ოპოზიციური ფრაქციების პოზიციასთან დაკავშირებით, რომლებმაც მხარი არ დაუჭირეს 2016 წელის ბიუჯეტს.
„გაუგებარია რას არ უჭერენ მხარს. მუნიციპალიტეტის მოსახლეობის კეთილდღეობას? 2 მილიონით არის ბიუჯეტი გაზრდილი. კულუარებში ყველა საუბრობს, რომ ნამდვილად კარგი ტენდენციაა. ისევე როგორც ყველა საუბრობს, რომ ზუგდიდი და სოფლები ასეთი ლამაზი არასოდეს ყოფილა წინასაახალწლოდ, როგორც ახლა. მაგრამ მათ იმის აღნიშვნა უჭირთ, თუ ვინ გააკეთა ეს ყველაფერი. ისევე როგორც არ სურთ მომავალ წელს დაგეგმილი სიკეთეები ჩვენ გავაკეთოთ. ეს კი ერთ რამეზე მიანიშნებს - ოპოზიცია ვერ ეგუება უმცირესობაში ყოფნას”, - განაცხადა თოლორაიამ.
2016 წელს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტი წინა წელთან შედარებით ორი მილიონი ლარით გაიზარდა და 16 მილიონ 400 ათასი ლარი შეადგინა.