დღეს, 14 მაისს, თბილისში დაზარალებულთა საკონსულტაციო ცენტრი გაიხსნა. დაზრალებულთა ცენტრი დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული პროკურატურის შენობაში განთავსდა და იგი მთავარი პროკურორის პირველმა მოადგილემ დავით საყვარელიძემ გახსნა.
დაზარალებულთა დახმარების ცენტრში კონკურსის წესით შერჩეული ორი თანამშრომელი დასაქმდება, რომლებმაც სამუშაოს სპეციფიკიდან გამომდინარე, ინტენსიური ტრენინგები უკვე გაიარეს. დაზარალებულთა ცენტრების მთავარი ამოცანა დანაშაულის შედეგად დაზარალებული პირების დახმარება იქნება, ცენტრში მათ უფლება-მოვალეობებს განუმარტავენ, საჭიროების შემთხვევაში იურიდიული დახმარების სამსახურთან გადაამისამართებენ, ტრეფიკინგისა და ოჯახში ძალადობის მსხვერპლთათვის არსებული ღონისძიებების შესახებ ცნობებს და სხვა საჭირო ინფორმაციას მიაწოდებენ.
ანალოგიური დაწესებულება უკვე ფუნქციონირებს ქუთაისში, უახლოეს მომავალში კი გაიხსნება ბათუმშიც.
დაზარალებულთა საკონსულტაციო ცენტრები იუსტიციის სამინისტროსა და პროკურატურის ერთობლივი პროექტია. ის მიზანად ისახავს სისხლის სამართლის ახალი საპროცესო კოდექსის ძალაში შესვლამდე პროკურატურის საქმიანობის გააქტიურებას დაზარალებულთა უფლებების დასაცავად _ კოდექსის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნოვაცია სწორედ დაზარალებულის ახალ სამართლებრივ სტატუსს ეხება.