ავიაკომპანია "აირზენა" მოძრაობა "სამართლიანი საქართველოსთვის" ლიდერ ზურაბ ნოღაიდელს სიცრუეში ადანაშაულებს.
"ბატონი ზურაბის მიერ გაკეთებულ კომენტარებში ბევრი არასწორი ინფორმაციაა და გვრჩება შთაბეჭდილება, რომ მას სურს საზოგადოება შეცდომაში შეიყვანოს და თუკი, რუსეთ-საქართველოს შორის საჰაერო მიმოსვლის აღდგენის კუთხით პოზიტიური ძვრები არსებობს, თავად დაიბრალოს. პირდაპირ ვამბობთ, რომ ბატონი ნოღაიდელი ტყუის, როცა ამას ამბობს. საშობაოდ და სააღდგომოდ შესრულებულ ჩარტერულ რეისებთან დაკავშირებით გამართულ მოლაპარაკაბებში არც მას და არც სხვა პოლიტიკოსს მონაწილეობა არ მიუღია", - აცხადებს "აირზენას" საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი ნინო გიორგობიანი.
მისივე განმარტებით, "2009 წლის 25 დეკემბერს ნოღაიდელმა განაცხადა, რომ რუსეთ-საქართველოს შორის ჩარტერული რეისების შესრულებასთან დაკავშირებით მოლაპარაკებების გამართვაზე მოსკოვმა უარი თქვა იმ მიზეზით, რომ ქუთაისში "დიდების მემორიალის" აფეთქება მოხდა, თუმცა 27 დეკემბრეს, "აირზენამ" რუსეთის ტრანსპორტის სამინისტროსგან აღნიშნულთან დაკავშირებით თანხმობა მიიღო".
შეგახსენებთ, რომ ქვეყნის ყოფილ პრემიერს არაერთხელ განუცხადებია, რომ მოსკოვის მიმართულებით საშობაოდ და სააღდგომოდ ჩარტერული რეისების შესრულება მისი დამსახურებაა.