სააპელაციო სასამართლოს მოსამართლედ დანიშნული ლევან მურუსიძე აცხადებს, რომ პრეზიდენტის მიერ დღეს გაკეთებული განცხადება არის ზეწოლა სასამართლოზე. მისი თქმით, გიორგი მარგველაშვილს მაშინაც ეკავა საკმაოდ მაღალი თანამდებობა, როდესაც იგი იუსტიციის უმაღლეს საბჭოს მდივნად დაინიშნა, მაგრამ მას პროტესტი არ გამოუხატავს.
,,ხელში მიჭირავს საქართველოს კონსტიტუცია, რომელიც მოსამართლეებს გამოგვიგზავნა საქართველოს პრეზიდენტმა. ამ კონსტიტუციაში საუბარია ხელისუფლების დანაწილების პრინციპზე. ჩემი სურვილი იქნებოდა, რომ ეს რეალურად განხორციელებულიყო ცხოვრებაში და არ დარჩენილიყო ქაღალდზე. როდესაც კენჭისყრები დასრულებული არ არის, პრეზიდენტის გამოსვლა და კენჭისყრების შეფასება არის ზეწოლა სასამართლო ხელისუფლებაზე. როდესაც 2013 წელს ამირჩიეს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივნად, მაშინაც მქონდა განხილული გირგვლიანის საქმე, მაშინ პრეზიდენტს ასევე ეკავა ძალზედ მნიშვნელოვანი თანამდებობა. თუმცა, არც მას და არც სხვას არ გახსენებია აღნიშნული საქმე. არავის არ გამოუხატავს მძაფრი პროტესტი იმასთან დაკავშირებით, რომ ლევან მურუსიძე არჩეულიყო იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივნად. ამიტომ ჩემი მოწოდებაა, რომ სასამართლო არის დამოუკიდებელი სისტემა, ის თავად იღებს გადაწყვეტილებებს და, შესაბამისად, ყველამ უნდა სცეს პატივი», - აცხადებს მურუსიძე.