25 დეკემბერს, 20:00 საათზე, ჯანსუღ კახიძის სახელობის თბილისის მუსიკალურ-კულტურულ ცენტრში გაიმართება „საქართველოს სოლიდარობის ფონდის" მხარდასაჭერი წინასაახალწლო საქველმოქმედო კონცერტი. ღონისძიებას საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი მიხეილ გიორგაძე და თბილისის მერი დავით ნარმანია დაესწრებიან.
ტრადიციული წინასაახალწლო საქველმოქმედო კონცერტი, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროსა და თბილისის მერიის მხარდაჭერით იმართება. კონცერტიდან შემოსული თანხა სრულად გადაირიცხება „სოლიდარობის ფონდში" და მოხმარდება 22 წლამდე ასაკის ონკოლოგიური დაავადებების მქონე ახალგაზრდების მკურნალობას.
საქველმოქმედო კონცერტში მონაწილეობენ - თბილისის სიმფონიური ორკესტრი, საქართველოს სახელმწიფო საგუნდო კაპელა, სოლისტები ალექსანდრე ვასაძე (ორგანი), სალომე ჯიქია (სოპრანო), ნანა ძიძიგური (მეცო-სოპრანო), დირიჟორი - ვახტანგ კახიძე. საახალწლო კონცერტზე შესრულდება ბახის ნაწარმოებები.