დღეს, 14 მაისს, სასტუმრო "თბილისი-მარიოტში" დასრულდება რეგიონული კონფერენცია კიბერდანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის საკითხებზე. ევროსაბჭოსა და ევროკავშირის ერთობლივ პროექტს საქართველოში იუსტიციის სამინისტრო და შინაგან საქმეთა სამინისტრო ახორციელებენ.
რეგიონულ კონფერენციაში მონაწილეობენ საჯარო და კერძო სექტორის წარმომადგენლები საქართველოდან, სომხეთიდან, აზერბაიჯანიდან, უკრაინიდან, მოლდოვადან, პოლონეთიდან, ესტონეთიდან, ჰოლანდიიდან, ნორვეგიიდან, რუმინეთიდან, ესპანეთიდან და თურქეთიდან, უცხოელი და ქართველი ექსპერტები, ასევე არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, სულ 60 მონაწილე.
როგორც "ჯი-ეიჩ-ენს" კონფერენციის ორგანიზატორებმა აცნობეს, კონფერენციის მიზანია კიბერდანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის სფეროში საუკეთესო პრაქტიკის გაზიარება და ანალიზი, აგრეთვე სახელმწიფოთაშორისი თანამშრომლობის გაძლიერება. კონფერენციაზე განიხილება შემდეგი ძირითადი თემები: კიბერდანაშაულისა და პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ კანონმდებლობა და საერთაშორისო სტანდარტები; კიბერ-დანაშაულის გამოძიება, სისხლისსამართლებრივი დევნა და სასამართლო განხილვა; ინტერნეტ-მომსახურების მიმწოდებლებსა და სამართალდამცავ ორგანოებს შორის თანამშრომლობა კიბერდანაშაულის გამოძიების პროცესში; საერთაშორისო თანამშრომლობა; კიბერუსაფრთხოების უზრუნველყოფა ქვეყანაში.
კონფერენციის ორგანიზატორების თქმით, კიბერდანაშაულის შესახებ უცხოელი ექსპერტების ჩართულობით მომზადებული პროექტის მიზანია საქართველოს შესაძლებლობების გაზრდა კიბერდანაშაულთან ბრძოლის სფეროში, საქართველოს კანონმდებლობის ჰარმონიზაცია კიბერდანაშაულის შესახებ ევროსაბჭოს კონვენციასთან, ასევე სამართალდამცავი ორგანოების თანამშრომელთა და მოსამართლეთა სპეციალური ტრენინგები.
კონფერენცია 13 მაისს გაიხსნა.