23 დეკემბერს 13:00 საათზე საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის საკონფერენციო დარბაზში ქართული ლიტერატურის სპეციალისტის გულ მუქერრემ ოზთურქისა და თურქოლოგების მერი წიკლაურისა და ასმათ ჯაფარიძის მიერ თურქულ ენაზე თარგმნილი აკაკი წერეთლის ”ბაში-აჩუკის” პრეზენტაცია გაიმართება.
ღონისძიება ეროვნული ბიბლიოთეკისა და იუნუს ემრეს სახელობის თბილისის თურქული კულტურის ცენტრის ორგანიზებით იმართება.
თურქოლოგები მერი წიკლაური და ასმათ ჯაფარიძე წლებია თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის თურქოლოგიის კათედრაზე მუშაობენ და არაერთი თაობა აღზარდეს. გულ მუქერრემ ოზთურქი კი თურქეთის მოქალაქეა, რომელმაც ქართული ლიტერატურის საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამები კავკასიის უნივერსიტეტსა და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიარა. 2015 წელს კი დაამთავრა ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის ქართული ლიტერატურის სადოქტორო პროგრამა.
უახლოეს მომავალში მთარგმნელები იაკობ გოგებაშვილის ”იავნანამ რა ჰქმნას?” თურქული თარგმანის გამოცემას გეგმავენ.