ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) მიერ დღეს გამოქვეყნებულ კვლევის შედეგებთან დაკავშირებით, საპარლამენტო უმრავლესობის წევრი გია ვოლსკი აცხადებს, რომ აღნიშნული კვლევების სანდოობა ეჭვქვეშ დგას. მისივე თქმით, საზოგადოებრივი აზრის ზუსტი სურათი არჩევნებზე გამოჩნდება.
"ასეთი ღრმა შეფასებები არ მიმაჩნია საჭიროდ, უფრო ახლო პერიოდში გვექნება ზუსტი სურათი. მართალი გითხრათ, NDI-მ და ბევრმა საერთაშორისო ორგანიზაციებმაც წლების განმავლობაში ცოტათი თავი შეირცხვინეს კვლევების სიზუსტესთან დაკავშირებით," - აცხადებს გია ვოლსკი.
ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) ბოლო კვლევის საველე სამუშაოები ჩატარდა 17 ნოემბერი-7 დეკემბრის პერიოდში. საქართველოს მასშტაბით გამოიკითხა 1881 ადამიანი. გამოკითხვის ტანახმად, ხვალ რომ არჩევნები იყოს "ქართულ ოცნებას" ხმას მისცემდა 16%, ენმ-ს 10%, "თავისუფალ დემოკრატებს" 7%.