საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი ზვიად კვაჭანტირაძე ფიქრობს, რომ რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი საქართველოსთან სავიზო რეჟიმის გაუქმების მზადყოფნით ევროპას ეჯიბრება.
როგორც „ჯი-ეიჩ-ენს“ კვაჭანტირაძემ განუცხადა, რუსეთის მხრიდან სავიზო რეჟიმის გაუქმება ძალიან დადებითი გადაწყვეტილება იქნება, რომელიც შეიძლება პოზიტიურად შეფასდეს, მაგრამ ქართველი ხალხი ისეთი გულუბრყვილო არ არის, რომ ამ გადაწყვეტილებაში მხოლოდ პუტინის კეთილი განზრახვა დაინახოს.
„საკითხს რომ ჩავუღრმავდეთ, ფანქრისა და სუფთა ფურცლის აღების და სატირულ-იუმორისტული ჩანახატის გაკეთების სურვილი მიჩნდება. რატომ? - ლეგიტიმური კითხვები მაქვს. პუტინი აქამდე სად იყო? მისი მხრიდან ეს შეჯიბრობითობას ხომ არ ჰგავს ევროკავშირთან? ეს იმის დამამტკიცებელი მცდელობა ხომ არ არის, რომ მე უფრო მიყვარხართ, ვიდრე ევროპელებსო? სააკაშვილი კრემლისთვის სასურველი კონსულტატი გახდა და მას ჟირინოვსკი კრემლში ეპატიჟებოდა, მან რუსეთს ლანგარზე უვიზო მიმოსვლა მიართვა და მაშინ პუტინს ხელს რა უშლიდა, რომ ეს განცხადება გაეკეთებინა? დღეს, ისეთი განსაკუთრებული რა მოხდა, რომ ის კეთილ გუნებაზე დადგა? - ამ პროცესს მივესალმები და საქართველოსთვის სხვადასხვა ქვეყნის მიმართულებით საზღვრები რაც უფრო გახსნილი იქნება, ეს ქვეყანას წაადგება, მაგრამ ეკონომიკური საშუალებით რომ ვიმსჯელოთ, არ მგონია, საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო მიმოსვლა დიდად მომხიბლავი იყოს, რადგან რუსეთის ეკონომიკა დღეს ღრმა კრიზისშია. ფაქტია, რომ ეს პუტინის მხრიდან არის შეჯიბრობითობა. ის ქართველ ხალხს ეუბნება, რომ ქართველებთან ურთიერთობა სურს, მაგრამ ეს პუტინს ახლა რატომ გაახსენდა? - არცთუ ისე გულუბრყვილოები ვართ, რომ ამაში პუტინის კეთილი განზრახვა დავინახოთ“, - განაცხადა კვაჭანტირაძემ.
ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, რომ მზადაა, საქართველოსთან სავიზო რეჟიმი გააუქმოს.