შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელმა, მრავალგზის მსოფლიო რეკორდსმენმა იოსებ ხუციშვილმა საკუთარი მიღწევა გააუმჯობესა და ახალი რეკორდი დაამყარა.
შსს-ს ინფორმაციით, იოსებ ხუციშვილმა 1 წუთის განმავლობაში 21 კილოგრამიანი ტვირთით ცალ ხელზე 56 აზიდვა შეასრულა, 2013 წელს თავისივე დამყარებული რეკორდი - ცალ ხელზე 21 კილოგრამიანი ტვირთით წოლბჯენში 46 აზიდვა გააუმჯობესა, ხოლო 30 წამში 10 კილოგრამიანი ტვირთით ორძელზე 33-ჯერ აიზიდა და ახალი რეკორდი დაამყარა.
სპორტსმენის მიერ რეკორდის დამყარების პროცესს საქართველოს რეკორდების ფედერაციის მსაჯთა კომისია დაესწრო და ახალი რეკორდი ადგილზე დააფიქსირა. რეკორდის დამყარების პროცესს ასევე ესწრებოდნენ შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვადასხვა დეპარტამენტის ხელმძღვანელები და სამინისტროს თანამშრომლები.
იოსებ ხუციშვილს ბრიტანული ორგანიზაციის - „რეკორდსმენთა რესპუბლიკის“ სერთიფიკატები გადაეცა.