„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი მიხეილ მაჭავარიანი ინტერესდება, საპარლამენტო უმრავლესობამ საარჩევნო ოლქების გადანაწილების ახალი სქემა რატომ მოამზადა.
„საარჩენო კოდექსის“ თაობაზე კითხვები მაჭავარიანმა იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე დასვა და აღნიშნა, რომ ის ამ ვერსიას, როგორც წინას, სკეპტიკურად უყურებს.
„ეს ცვლილებები პირველი მოსმენით რომ გამოგქონდათ, ეს ვარიანტი იცოდით, თუ ბრძენ კაცთან შეხვედრის შემდეგ გადაწყვიტეთ, რომ ეს ვარიანტი შეცვლილიყო? მინდა თქვენს მსჯელობაში გამოგყვეთ და გკითხოთ, საარჩევნო ოლქების ხელახლა გადანაწილების გადაწყვეტილება როდის მიიღეთ?“, - მიმართა უმრავლესობას მაჭავარიანმა.
მმართველმა გუნდმა საარჩევნო ოლქები ისევ თავიდან გადაანაწილა. იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე, „საარჩევნო კოდექსში“ ცვლილებების პროექტი მეორე მოსმენით წარადგინეს, რომლის მიხედვით, ოლქების თავიდან გადანაწილება ხდება.
კერძოდ, თბილისისა და გარდაბანი-მარტყოფის ადგილობრივი მაჟორიტარული ოლქები ერთიანდება და დედაქალაქს 18 მაჟორიტარული ოლქის ნაცვლად, 22 საარჩევნო ოლქი ექნება.
ცვლილებებით, 2 საარჩევნო ოლქით იქნება წარმოდგენილი რუსთავის მუნიციპალიტეტი, ხოლო ქუთაისისა და თერჯოლის მუნიციპალიტეტებში გაერთიანებულ რამდენიმე სოფელი 3 მაჟორიტარული ოლქით იქნება.
ამას გარდა, წინა ვერსიისგან განსხვავებით, ვანსა და ხონს ერთი მაჟორიტარი დეპუტატი ეყოლებათ, ხოლო სამტრედიასა და წყალტუბოს ცალ-ცალკე თითო-თითო მაჟორიტარი დეპუტატი.
ასევე, წინა ვერსიისგან განსხვავებით, მესტიას ცალკე ერთი მაჟორიტარი დეპუტატი არ ეყოლება და გაერთიანებულ ფორმატში - ამბროლაურს, ონს, ლენტეხს, მესტიასა და ცაგერს ერთი მაჟორიტარი დეპუტატი ეყოლება.
პროექტით, დუშეთის-თიანეთისა და ყაზბეგის მუნიციპალიტეტების გაერთიანება მოხდება და ეს საარჩევნო ოლქები ერთი მაჟორიტარი დეპუტატით იქნება წარმოდგენილი.
ამასთან, ბათუმისა და ქობულეთის მუნიციპალიტეტებში შემავალ სოფლებს - ხალა, ჩაისუბანი, საჩივნო, ჩაქვი და ციხისძირს 3 საარჩევნო ოლქი ექნება, ხოლო აღნიშნული სოფლების გარდა, ქობულეთის მუნიციპალიტეტს კიდევ 1 მაჟორიტარული ოლქი ექნება.