კრემლში აუდიენციამდე ამერიკისა და რუსეთის პირველმა დიპლომატებმა პირისპირ მოლაპარაკება გამართეს. შეხვედრის დასრულების შემდეგ ჯონ ქერიმ და სერგეი ლავროვმა განაცხადეს, რომ რიგ საკითხებთან დაკავშირებით მხარეთა პოზიციები დაახლოვებულია. ამერიკის სახელმწიფო მდივანმა ერთობლივ პრესკონფერენციაზე კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ ვაშინგტონს რუსეთის იზოლაცია არ სურს, სანქციების მოხსნის საკითხი კი იმაზე იქნება დამოკიდებული, შეასრულებს თუ არა რუსეთი მინსკის შეთანხმებით აღებულ ვალდებულებებს.