საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ იესო ქრისტეს ამაღლების დღესასწაულზე ადამიანის თავისუფალი ნების შესახებ იქადაგა.
"ჩვენ ვცხოვრობთ ისეთ დროს, როცა უკვე თვითონ ადამიანი მირჩევს მაღლა წავიდეს თუ დაბლა, მარჯვნივ დადგეს თუ მარცხნივ. ამ სულიერ პროცესში ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს თვითონ ადამიანის ნებისყოფას, მას გააჩნია თავისუფალი ნება, რომელსაც ჩვენ ძალიან ცუდად, ბოროტად ვიყენებთ. ჩვენ უნდა გვახსოვდეს, რომ ამ ნებას უფალი აძლევს ადამიანს და მხოლოდ იმ შემთხვევაში, როცა ადამიანი მზად არის ამ მადლის მისაღებად", - ბრძანა პატრიარქმა ყოვლადწმინდა სამების საკათედრო ტაძარში წირვის დასრულების შემდეგ ქადაგების დროს.
ამასთან, ილია მეორემ სინანულის, მიტევების აუცილებლობაზე, სიყვარულისა და სულიერების დეფიციტზე ისაუბრა.
"ადამიანი, რომელიც შეურაცხყოფს ღმერთს და სიწმინდეებს - განისჯება. ის ადამიანი ვერ ხარობს. ამიტომ ჩვენ ძალიან ფრთხილად უნდა ვიყოთ, უნდა გვახსოვდეს რომ ღმერთი ამთლიანებს, ეშმაკი - ყოფს. ჩვენ უნდა გვქონდეს შენდობის უნარი. მორწმუნემ აუცილებლად უნდა შეუნდოს სხვას, მაგრამ საჭიროა განწმენდა "თვისთა ცოდვათა", თავის დამდაბლება. ეფრემ ასური ამბობს - "მომანიჭე განცდაი თვისთა ცოდვათა". ადამიანმა უნდა დაინახოს საკუთარი ცოდვა", - ბრძანა კათოლიკოს-პატრიარქმა.
შეგახსენებთ, რომ მართლმადიდებელი სამყარო დღეს ამაღლების დღესასწაულს ზეიმობს.