ე.წ. შეწყალების საქმეზე დაწყებული გამოძიების ფარგლებში უკვე დაკითხული არიან მთავარი პორკურორის მოადგილე გიორგი გოგაძე, ვაკე-საბურთალოს პროკურორი ნიკა სანიკიძე და მთავარი პროკურატურის საზოგადოებასთან ურთიერთობების დეპარტამენტის უფროსი ნათია სუხიაშვილი.
სუხიშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა, რომ დაიკითხება ყოფილი მთავარი პროკურორი გიორგი ბადაშვილიც.
"გამოძიების ფარგლებში დაიკიხება ყოფილი მთავარი პროკურორი გიორგი ბადაშვილი, რომელთანაც ალეკო ელისაშვილს შეხვედრა იმავე დღეს ჰქონდა, რა დღესაც მთავარ პროკურატურაში, მთავარი პროკურორის მოადგილე გიორგი გოგაძეს შეხვდა", - განაცხადა სუხიაშვილმა, რომლის ინფორმაციითაც, ბადაშვილისა და ელისაშვილის შეხვედრა გაცნობითი ხასიათის იყო და მასზე შეწყალებაზე საუბარი არ ყოფილა. მისივე თქმით, შეხვედრას ორგანიზება თავად გაუკეთა.
როგორც ცნობილია, შეწყალების კომისიის ყოფილი თავმჯდომარის, ალეკო ელისაშვილის განცხადების საფუძველზე, რომელიც კონკრეტული პატიმრების შეწყალების მოთხოვნით ხელისუფლების მაღალჩინოსნების მხრიდან მასზე განხორციელებულ ზეწოლას შეეხება, პროკურატურაში გამოძიება მიმდინარეობს. ელისაშვილის მტკიცებით, ერთი წლის წინ შესაბამისი ინფორმაცია მთავარი პროკურორის მოადგილე გიორგი გოგაძეს მიაწოდა, თუმცა გოგაძე აღნიშნულს არ ადასტურებს. არსებული ინფორმაციით, გოგაძის დაკითხვა სწორედ აღნიშნულს უკავშირდება. რაც შეეხება ნათია სუხიაშვილს, შეწყალების კომისიის ყოფილი თავმჯდომარის მტკიცებით, მან გოგაძესთან შეხვედრას გაუწია ორგანიზება.