საქართველოს მოქალაქეებისათვის რუსეთის ტერიტორიაზე უვიზოდ მოხვედრის ლეგალური გზა გამოიძებნა. გასულ კვირას ეს გზა პირველად ქართველმა ჟურნალისტებმა გამოიარეს - სამკაციანი ჯგუფი ჰელსინკიდან სანკტ-პეტერბურგში გემით „პრინცესა მარია" ჩავიდა და რუსეთის ტერიტორიაზე 72 საათის განმავლობაში იმყოფებოდა.
რუსეთის მთავრობის ერთ-ერთი განკარგულების („ПОСТАНОВЛЕНИЕ от 7 мая 2009 г. N 397") თანახმად, ნებისმიერი ქვეყნის მოქალაქეს, რომელიც იმყოფება „პრინცესა მარია"-ს ბორტზე და ჰელსინკი-პეტერბურგის კრუიზის მონაწილეა, შეუძლია უვიზოდ შევიდეს სანკტ-პეტერბურგში და 72 საათის განმავლობაში იმყოფებოდეს მის ტერიტორიაზე. უვიზო რეჟიმი, გამონაკლისების გარეშე, ნებისმიერი ქვეყნის მოქალაქეზე ვრცელდება.
„პრინცესა მარია" რეგულარულ რეისებს ფინეთსა და რუსეთს შორის კვირაში ხუთჯერ ახორციელებს, იტევს 1638 მგზავრს, გააჩნია 606 სხვადასხვა კატეგორიის კაიუტა, საავტომობილო გემბანით კი შესაძლებელია 400-მდე ავტომანქანის გადაყვანა. სიგრძეში გემი 170 მეტრს აღწევს. მგზავრობის ფასი, კატეგორიების მიხედვით, 30-დან 700-მდე ევროს შეადგენს. გემზე ყოველდღიურად იმართება გასართობი შოუ პროგრამები, მუშაობს კაზინო, "Dუტყ Fრეე", რესტორანი, დისკოტეკა, საუნა, სიგარის ბარი და სხვა გასართობი საშუალებები.
"პრინცესა მარია"-ს ოპერატორი კომპანია „შტ. Pეტერ Lინე"-ია, რომლის თანამფლობელი გერმანიის მოქალაქე ბიზნესმენი, მწერალი, მეცნიერი, მასშტაბური პროქტების ავტორი ალექსანდრე პოტიომკინია. პოტიომკინი გაიზარდა სოხუმში, ყავს ქართველი მეუღლე და ბიზნეს-საქმიანობას მსოფლიოს რამდენიმე ქვეყანაში, მათ შორის საქართველოშიც ეწევა.
"ეს პროექტი სულ რაღაც 2 კვირაა რაც დავიწყეთ და კრუიზი უკვე დიდი პოპულარობით სარგებლობს. თვითონ ფინელებისთვისაც სენსაციად იქცა, რომ უვიზოდ შეუძლიათ პეტერბურგში შესვლა. მოხარული ვარ, რომ ექსპერიმენტმა გაამართლა. დარწმუნებული ვარ, ეს სიახლე ქართველებსაც დააინტერესებს და ისინი აუცილებლად გამოიყენებენ უნიკალურ შანსს, ასეთი ხელმისაწვდომი და კომფორტული გზით მოინახულონ თავისი ახლობლები, მეგობრები და ნათესავები, ან უბრალოდ იმოგზაურონ კრუიზში და ტურისტული მიზნით დაათვალიერონ პეტერბურგი" - აცხადებს ალექსანდრე პოტიომკინი.
როგორც "პრინცესა მარია"-ს კრუიზის მონაწილე საქართველოს მოქალაქეები აცხადებენ, რუსეთის ვიზის უქონლობის მიუხედავად, მათ ყოველგვარი შეფერხების გარეშე გადაკვეთეს საზღვარი და პეტერბურგში თავისუფლად გადაადგილდებოდნენ. რუსეთის საზღვარზე საკმარისია მხოლოდ იმის მითითება, რომ „პრინცესა მარიას" კრუიზის მონაწილე ხარ და მესაზღვრეებს მეტი შეკითხვა აღარ უჩნდებათ.
"თავდაპირველად ჩვენთვისაც დაუჯერებელი იყო, რომ ასე მარტივად შევძლებდით უვიზოდ რუსეთის ტერიტორიაზე მოხვედრას. საქართველოს ნებისმიერ მოქალაქეს შეუძლია საიტის (წწწ.სტპეტერლინე.ცომ) საშუალებით დაუკავშირდეს „შტ. Pეტერ Lინე"-ის ადმინისტრაციას, გაარკვიოს პირობები, მიიღოს მოწვევა, დაჯავშნოს ადგილები, შემდეგ აიღოს შენგენის ვიზა, რომელიც მოწვევით 2 დღეში მზად იყო, და ჩავიდეს ჰელსინკში, საიდანაც იწყება კრუიზი. გემზე არის ყველანაირი საშუალება, რომ საინტერესოდ და კომფორტულად გაატარო დრო, შემდეგ შეგიძლია ჩახვიდე პეტერბურგში, დაჰყო იქ 72 საათი, დაბრუნდე გემზე, ვთქვათ მეგობრებთან ერთად, გაერთო და შემდეგ ხელმეორედ ჩახვიდე პეტერბურგში," - აცხადებს პიარ სააგენტო „პიარ ოფის ჯი"-ს დირექტორი ნატალია ზუევა, რომელმაც ჟურნალისტებთან ერთად მიიღო მონაწილეობა კრუიზში.
კომპანია „შტ. Pეტერ Lინე" წლის განმავლობაში ნახევარმილიონიან მგზავრთანაკადს ელოდება. ტურისტების და ახლადაქორწინებულების მოგზაურობა „პრინსეცა მარია"-თი მაისის ბოლოდან, თეთრი ღამეების სეზონის დაწყებისთანავე გააქტიურდება.
ექსპერტების პროგნოზით, ახალმა რეისმა პეტერბურგს წელიწადში ტურისტების ჩასვლის შედეგად, 30 მილიონი ევროს შემოსავალი უნდა მოუტანოს, საბიუჯეტო გადასახადების სახით კი 10 მილიონი ევრო.