მოძრაობამ "არა" თბილისის მერიის წინ საპროტესტო აქცია გამართა.
მოძრაობის წევრებმა მერიასთან უსახლკარო ადამიანების და მაღალჩინოსნების სახლების ფოტოები მიიტანეს, მათ შორის გიგი უგულავას წყნეთში მშენებარე სახლის ფოტო წარწერით - "გასაკეთებელი კიდევ ბევრია".
"თბილისის მერმა, გიგი უგულავამ უყურადღებოდ დატოვა უსახლკარო ადამიანები, ეწევა ბიზნესრეკეტს. ჩვენ გადავიღეთ ჩინოვნიკების სახლები, მათ შორის უგულავას მშენებარე ვილა წყნეთში. უგულავას დასამთავრებელი აქვს ეს ვილა და მას გასაკეთებელი ნამდვილად ბევრი აქვს. ის არის ბიზნესხულიგანი, მისი საკუთრებაა ტაქსოპარკი, რომელიც აეროპორტს ემსახურება", - განაცხადა მოძრაობის ერთ-ერთმა ლიდერმა ლევან ჩიტაძემ.
მოძრაობის წევრებმა მერიის შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე სტიკერები წარწერით გააკრეს - "არა აგულავო უგულავა".