ლტოლვილთა და განსახლების მინისტრი კობა სუბელიანი დღეს გურამიშვილის #84-ში, ყოფილ ელმავალმშენებელი ქარხანის შენობაში მხცოვრებ დევნილებს შეხვდა. დევნილები ითხოვდნენ, დაკავებული ფართები მათთვის საკუთრებაში გადაეცათ. მათ თავად მინისტრისგან მოისმინეს, რომ ფართების საკუთრებაში გადაცემის პროცესი ზაფხულის ბოლოს დასრულდება.
"ამ ობიექტში აფხაზეთიდან და სამაჩაბლოდან დევნილი ოჯახები ერთად ცხოვრობენ. პრეზიდენტის განკარგულების საფუძველზე, მათ ეს ფართები დაუკანონდებათ. ინდივიდუალური გამრიცხველიანებაც ექნებათ და ეს ყველაფერი ზაფხულის ბოლოს დასრულდება. ზამთარს კი შიშის გარეშე შეხვდებიან. რაც ყველაზე მთავარია, დაკანონების მოლოდინი ყველა ოჯახს აქვს. კიდევ ბვერი გვაქვს დასაკანონებელი და ასე ოჯახ-ოჯახ, ობიექტ-ობიექტ ვივლით და ყველას გავახარებთ", - განაცხადა კობა სუბელიანმა.
აღნიშნულ ობიექტში სულ 52 ოჯახი ცხოვრობს, აქედან 30 ოჯახი სამაჩაბლოდან, ხოლო 22 აფხაზეთიდან დევნილია. დევნილებმა მინისტრთან საუბრისას განაცხადეს, რომ მათი მთავარი პრობლემა ამ ფართების საკუთრებაში გადაცემაა.