"საქართველოს კონტრელიტა მართავს, რომელიც გარედან ფინანსდება, არაფერი საერთო არ აქვს ქართველ ხალხთან და ქართულ ფასეულობებთან", _ აცხადებს ცხინვალში მყოფი "სახალხო მართლმადიდებლური მოძრაობის" თავმჯდომარე მალხაზ გულაშვილი.
გულაშვილის კომენტარს ე. წ. სამხრეთ ოსეთის ბეჭდვისა და ინფორმაციის კომიტეტი ავრცელებს.
"თავისუფლების ინსტიტუტი, რომელსაც უფრო მართებული იქნება თუკი "ბნელეთის ინსტიტუტს" ვუწოდებთ, ებრძვის ქართულ ტრადიციულ ფასეულობებს. ისინი უზნეობას, ჰომოსექსუალიზმს, ქრისტიანული სიწმინდეების გინებას პროპაგანდირებენ. ეს ინსტიტუტი ისე გაიზარდა, რომ ქვეყანაში ყველა სტრუქტურას მართავს, მათ შორის პრეზიდენტის ადმინისტრაციას, ძალოვან და საინფორმაციო უწყებებს, საგარეო საქმეთა სამინისტროს და სხვებს. ამ ინსტიტუტს შესაძლოა ეწოდოს დღევანდელი ხელისუფლების კადრების სამჭედლო. მიმაჩნია, რომ სწორედ ისინი არიან ქართველი ხალხის ყველა უბედურების მიზეზი, იმიტომ, რომ მათი იდეოლოგია მართავს დღეს საქართველოს და მათმა იდეოლოგიამ მიგვიყვანა ცხინვალთან ომამდე. მანამ ვიდრე ეს ინსტიტუტი საქართველოში იქნება, ვერც საქართველო და ვერც კავკასია ვერ დამშვიდდება", _ მოჰყავს გულაშვილის სიტყვები ე. წ. სამხრეთ ოსეთის ბეჭდვისა და ინფორმაციის კომიტეტს.
გულაშვილი აცხადებს, რომ "თავისუფლების ინსტიტუტი" ჯერ კიდევ შევარდნაძის დროს ჩამოყალიბდა და სხვადასხვა ქვეყნიდან გამოყოფილი გრანტებით ფინანსდება.
"ძირითადი სპონსორი სოროსის ფონდია. მას დღეს ლევან რამიშვილი ხელმძღვანელობს, ადრე კი გიგა ბოკერია (საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე) ხელმძღვანელობდა. ამ ინსტიტუტში მუშაობენ გაეროში საქართველოს წარმომადგენელი კახა ლომაია, პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე გივი თარგამაძე, ოპოზიციიდან თინა ხიდაშელი. ადრე მათთან იყო დაკავშირებული შს მინისტრი ვანო მერაბიშვილი. ყველას ვერც ჩამოთვლი. ისინი ასევე ახდენენ ჟურნალისტებისა და ძალოვანი სტრუქტურებში მომუშავე ადამიანების გადაბირებას, რათა მედიის მეშვეობით ხალხს ცნობიერებაზე გავლენა მოახდინონ", _ აცხადებს გულაშვილი.
ე. წ. სამხრეთ ოსეთის ბეჭდვისა და ინფორმაციის კომიტეტი ასევე იუწყება, რომ გულაშვილის თქმით, სწორედ "თავისუფლების ინსტიტუტის წინააღმდეგ" გამოსვლების გამო სდევნიან მას და მის ოჯახს. მისი თქმით, "ძალოვანი სტრუქტურების თანამშრომლებმა მოიტაცეს მისი ვაჟი და მის გაუპატიურებას შეეცადნენ".
"ამიტომაც გადავწყვიტე, ჩემი ოჯახის უსაფრთხოება დამეცვა და შვილთან ერთად სამხრეთ ოსეთში ჩამოვედი. ჩემი მეორე ვაჟი და მათი დედა კვლავაც საქართველოში იმყოფებიან. პირველ ყოვლისა, მათთვის უსაფრთხო ადგილი უნდა ვნახო, ამის შემდეგ კი ბრძოლის გასაგრძელებლად საქართველოში დავბრუნდები", _ მოჰყავს გულაშვილის სიტყვები ე. წ. სამხრეთ ოსეთის ბეჭდვისა და ინფორმაციის კომიტეტს.