პარლამენტის თავმჯდომარის, დავით უსუფაშვილის შეფასებით, არ არის სწორი, მან მოვლენებს დაასწროს და იმის თაობაზე პირველმა ილაპარაკოს, მთავარი პროკურორობის კანდიდატის, ირაკლი შოთაძის თაობაზე პარლამენტში რა და როგორ მოხდება.
როგორც ჟურნალისტებს უსუფაშვილმა განუცხადა, პროკურატურის სისტემაში ცვლილებების საჭიროება ყველას მხრიდან გააზრებულია, ვინც ამ პროცესში მონაწილეობდა.
მისი თქმით, მოქმედი მთავარი პროკურორი ამ პროცესის მონაწილე არ არის - როგორც თავისი სურვილით, ასევე სხვების შეხედულებით.
„პროკურატურის სისტემაში უკეთესობისკენ ნაბიჯების გადადგმის აუცილებლობას ყველა იზიარებს და ამ პროცესში ძველი ხელმძღვანელის აღარ მონაწილეობა იმაზე მიუთითებს, რომ სხვა სიახლეებია საჭიროა. პარლამენტში საკითხს დადგენილი პროცედურების შესაბამისად განვიხილავთ და წარმოდგენილ კანდიდატურას კენჭს ვუყრით. კენჭისყრა ფარულია და ამასაც ანგარიში უნდა გავუწიოთ“, - განაცხადა უსუფაშვილმა.
სპიკერი ოპონენტების ბრალდებებსაც ეხმაურება, რომლებიც მიიჩნევენ, რომ მთავარი პროკურორის შერჩევის პროცესში მთავრობა მონაწილეობდა.
„თუ იმაზე ვლაპარაკობთ, რომ კანდიდატურის არჩევის პროცესში მთავრობა მონაწილეობს, მთავრობამ ვინც არ უნდა შეარჩიოს, ასეთი კითხვა მაინც დაისმება. ეს იქნება - შოთაძე თუ პეტრიაშვილი. არ მესმის, მთელი ეს პროცესი კანონით ისე როგორ უნდა გაკეთდეს, რომ ვინმემ ეს კითხვა არ დასვას. მთავრობა ამ ქვეყანაზე პოლიტიკურად პასუხისმგებელია. მან სწორი პოლიტიკური გადაწყვეტილებები უნდა მიიღოს როგორც ფინანსურ-ქონებრივ საკითხებზე, ასევე საკადრო-საგარეო პოლიტიკის თემებზე“, - დასძინა უსუფაშვილმა.
გუშინ, საპროკურორო საბჭომ მთავარი პროკურორად ირაკლი შოთაძის კანდიდურა დაასახელა. იუსტიციის მინისტრი შოთაძის კანდიდატურას მთავრობას წარუდგენს და იმ შემთხვევაში თუკი, მთავრობის გადაწყვეტილება დადებითი იქნება, პარლამენტს შოთაძის მოსმენა და მისი პოსტზე დამტკიცება მოუწევს.