საფრანგეთის საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრი ბერნარდ კუშნერი ISIS-ის რიგების ზრდის მიზეზებზე საუბრობს და აცხადებს, რომ ადამიანები მათ პროპაგანდაში იოლდ ექცევიან.
გლობალური ალიანსის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის რანგში საქართველოს სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტებთან შეხვედრისას მან განაცხადა, რომ ISIS-ს რიგებში საბრძოლველად მიდიან მთელი ევროპიდან, მათ შორის საქართველოდანაც. კუშნერის თქმით, "ისლამურ სახელმწიფოში" ათასზე მეტი ფრანგი არის გაწევრიანებული.
"რატომ ექცევიან ამ პროპაგანდაში. შეიძლება ნაწილობრივ ეს ჩვენი ბრალიცაა. ალბათ, არ შევთავაზეთ საკმარისი რომანტიზმი, საკმარისი თავგადასავალი, მიზანი, სულიერი საზრდო. თუმცა მესმის, რომ ეს არ არის კარგი განმარტება იმისა, რაც მოხდა", - აღნიშნა კუშნერმა.
მან ასევე განაცხადა, რომ საფრანგეთი ძლიერი იქნება ,,ბარბაროსებთან“ ბრძოლაში.
"თქვენ ნამდვილად გაოცებული იქნებით, რამდენად ძლიერი იქნება ჩემი ქვეყანა, ამ ბარბაროსების წინააღმდეგ ბრძოლაში. რატომ დაგვესხნენ თავს, იმიტომ, რომ ასეთი გზით თანამედროვე სამყაროს ესხმიან თავს, მათ უნდათ ინდივიდუალური თავისუფლება ჩაახშონ და ეს რელიგიის უკან ამოფარებულებმა ჩაიდინონ. საფრანგეთში ცხოვრობს 5-6 მილიონი მუსლიმი. ჩვენ ვართ შემწყნარებლები მათ მიმართ. რელიგიის გამოყენება იმისთვის, რომ სისხლით გაიკვალო გზა, სრულიად მიუღებელია. ისინი თავს დაესხნენ არა მხოლოდ საფრანგეთს, ისინი თავს დაგესხნენ თქვენ, ევროპას, მთელს მსოფლიოს ", - განაცხადა ბერნარდ კუშნერმა.