სახელმწიფო მინისტრმა ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში, ვიცე-პრემიერმა გიორგი ბარამიძემ დღეს სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს ვაკის ტერიტორიულ სამსახურში ბიომეტრული პასპორტი აიღო. პასპორტის მიღების პროცესს იუსტიციის მინისტრის მოადგილეს, სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს თავმჯდომარე გიორგი ვაშაძე ესწრებოდა.
ვიცე-პრემიერმა ბიომეტრული პასპორტის მიღებისთვის აუცილებელი პროცედურები (თითის ანაბეჭდის აღება, ელექტრონული ხელმოწერა, ფოტოსურათის გადაღება და სხვა) ერთ სივრცეში გაიარა და პასპორტი დღესვე მიიღო.
ბიომეტრიული პასპორტი ევროპული სტანდარტის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტია, რომელსაც დამატებული აქვს ელექტრონული მეხსიერების მატარებელი პიროვნების ფოტოსურათი და თითის ანაბეჭდების ინფორმაცია.
ცნობისთვის, ქვეყნის მასშტაბით ბიომეტრიული პასპორტის ბეჭდვის სამი ცენტრი მუშაობს (თბილისში, ქუთაისსა და ბათუმში).
როგორც გიორგი ბარამიძემ განაცხადა, ბიომეტრული პასპორტების შემოღება საქართველოში საშუალებას მოგვცემს პირველ ეტაპზე ევროკავშირთან გაიოლდეს სავიზო რეჟიმი.
მინისტრის თქმით, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ იუსტიციის სამინისტროს სამოქალაქო რეესტრში მსოფლიოში უმაღლესი სტანდარტების მქონე პასპორტის მიღებისთვის საჭირო პროცედურები გამარტივებულია.
როგორც გიორგი ვაშაძემ განაცხადა, ბიომეტრიული პასპორტების სისტემაზე გადასვლით მნიშვნელოვნად გაიზრდება საქართველოს მიერ გაცემული დოკუმენტების სანდოობის ხარისხი.
მისივე თქმით, ბიომეტრული პასპორტი ყველაზე მაღალტექნოლოგიური სამგზავრო დოკუმენტია მსოფლიოში.
`ბიომეტრული პასპორტების გაცემის სისტემაზე გადასვლით საქართველოს ევროპული ოჯახის სრულუფლებიან წევრად გახდომის შესაძლებლობა ეძლევა. ბატონ გიორგის ჩვენ, დღეს, გადავეცით ბიომეტრული პასპორტი, მასთან ერთად გავიარეთ პასპორტის გაცემისთვის აუცილებელი პროცედურები, რომელიც მარტივია ყველა მოქალაქისთვის, რადგან ერთ სივრცეში სრულდება ყველა საჭირო პროცედურა~,-განაცხადა ვაშაძემ.
ბიომეტრიული პასპორტების სპეციფიკასა და საჭიროებებს საერთაშორისო სამოქალაქო ავიაციის ორგანიზაცია ICAO ადგენს. აღნიშნული ორგანიზაცია განსაზღვრავს, რა მინიმალური დაცვის მექანიზმები უნდა ჰქონდეს საერთაშორისო მასშტაბურობის დოკუმენტს.
ბიომეტრიული პასპორტები 10 წლის ვადით გაიცემა და მისი ღირებულება 100 ლარია. პასპორტის მიღების მსურველებს სამოქალაქო რეესტრი დაჩქარებულ მომსახურებასაც სთავაზობს. ბიომეტრიული პასპორტის აღება განცხადების შეტანიდან 10 სამუშაო დღის განმავლობაში 100 ლარი ეღირება, მე-5 სამუშაო დღეს - 120, მე-3 სამუშაო დღეს - 150 ლარი, განაცხადის შეტანიდან 24 საათის განმავლობაში 190 ლარი, ხოლო იმავე დღეს 205 ლარი.
ცნობისთვის, ბიომეტრიული პასპორტის გაცემის პარალელურად ვადის გასვლამდე მოქმედებაში იქნება დღეისთვის მოქმედი პასპორტები. ბიომეტრიული პასპორტი არ გაიცემა 16 წლამდე ბავშვებზე. მათთვის სამი წლის ვადით გაიცემა საქართველოს მოქალაქის პასპორტი, რომლის ღირებულებაც 17 ლარი და 50 თეთრი იქნება.