რუსთავის მე-16 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრმა მიხეილ გიორგაძემ და სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრმა კახა კახიშვილმა ხელი მოაწერეს ორ უწყებას შორის თანამშრომლობის მემორანდუმს, რის შედეგადაც, პენიტენციურ დაწესებულებებში გრძელვადიანი პროექტი - „ცოცხალი წიგნები სასჯელაღსრულების დაწესებულებებში“ განხორციელდება.
პროექტის ინიციატორი კულტურის სამინისტროა. თანამედროვე ქართველი მწერლები სასჯელაღსრულების დაწესებულებებს ესტუმრებიან და მსჯავრდებულებს საკუთარ შემოქმედებას გააცნობენ.
პირველი შეხვედრა მემორანდუმის ხელმოწერის შემდეგ, რუსთავის მე-16 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში გაიმართა. სამხედროებს ესტუმრნენ: ბექა ქურხული, მაკა ლდოკონელი, ვასილ გულეური, ნიკოლოზ ჯორჯანელი და გიორგი საჯაია; ასევე პროექტის ხელმძღვანელი, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის მრჩეველი ქეთევან დუმბაძე და პროექტის კოორდინატორი მარიამ წიკლაური.
რუსთავის მე-16 სასჯელაღსრულების დაწესებულებას საჩუქრად საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით გამოცემული წიგნები გადაეცა.
„ცოცხალი წიგნები“ საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს უპრეცედენტოდ მასშტაბური ლიტერატურულ-საგანმანათლებლო პროექტია და გულისხმობს მთელი ქვეყნის მასშტაბით, საჯარო სკოლებში, ბიბლიოთეკებში, მუზეუმებში, კულტურის სახლებში, სამხედრო ნაწილებში და სხვა დაწესებულებებში თანამედროვე მწერლების სტუმრობასა და მკითხველთან შეხვედრას. პროექტის ფარგლებში უკვე მოეწყო 120-ზე მეტი შეხვედრა, გაიმართა პოეზიის საღამოები და დისკუსიები ადგილობრივ მოსახლეობასთან მათთვის საინტერესო თემებზე. რეგიონებში ვიზიტის პერიოდში, მწერლებმა აწარმოეს დღიურები და ჩანაწერები, რომლის მიხედვითაც, პროექტის დასრულების შემდეგ, გამოიცემა წიგნი „მწერლის დღიურები“.