გუდიაშვილის ქუჩაზე, საჯარო ბიბლიოთეკის მიმდებარედ, გრიგოლ აბაშიძის ბიუსტი გაიხსნა. პროზაიკოსის, მთარგმნელის, პოეტისა და დრამატურგის გრიგოლ აბაშიძის ბიუსტის ავტორი თეიმურაზ ასათიანია.
„გრიგოლ აბაშიძემ უზარმაზარი შემოქმედება დაგვიტოვა. ის ყველაფერს აკეთებდა, რომ მომავალ თაობას, რაც შეიძლება მეტი დარჩენოდა. თბილისის მერიამ, საკრებულოსთან ერთად, გადაწყვიტა ამ შესანიშნავ ადგილზე ყოფილიყო ბიუსტი, რითაც გვსურს, პატივი მივაგოთ გრიგოლ აბაშიძის ხსოვნას, დავაფასოთ მისი ღვაწლი და შემოქმედება“, - განაცხადა დავით ნარმანიამ.
გრიგოლ აბაშიძე 1914 წელს ჭიათურის რაიონში, სოფელ ზედა რგანში დაიბადა. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი. მისი პირველი კრებული 1938 წელს გამოიცა. 1967 წლიდან საქართველოს მწერალთა კავშირის პირველ მდივნად, 1973 წლიდან კი თავმჯდომარედ აირჩიეს. გრიგოლ აბაშიძის მთარგმნელობით საქმიანობაში მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს უნგრელი პოეტის, შანდორ პეტეფის პოეზიის თარგმანებს. სწორედ ამიტომ, მისი ბიუსტი 2008 წელს ქალაქ კიშკოროშში, პეტეფის სახლ-მუზეუმის ეზოში დაიდგა.
გრიგოლ აბაშიძე 1994 წელს გარდაიცვალა. დაკრძალულია დიდუბის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში.