,,ნაციონალური მოძრაობის“ წევრი გიორგი კანდელაკი უარყოფს ინფორმაციას იმის შესახებ, რომ ევროკავშირში ვიზალიბერალიზაციის არ მიცემას ითხოვდა. მისი თქმით, პრემიერ ღარიბაშვილსა და მის წინამორბედს ტყუილები ახასიათებთ.
კანდელაკი ასევე აცხადებს, რომ საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის სხდომა ევროპარლამენტში გიორგი კვირიკაშვილის მოთხოვნით დაიხურა და იქ ქართული დელეგაცია ,,კრიტიკის ქარცეცხლში გაატარეს“.
,,იმდენჯერ მოხდა ბატონი ღარიბაშვილის და მისი უშუალო უფროსის გამოჭერა ტყუილებში, რომ ამ შემთხევევაშიც ძალიან ადვილია მათი სიცრუის გამოაშკარავება. საქართველოს ევროპულ პერსპეკტივას და უვიზო მიმოსვლის შესაძლებლობას აზიანებს პირველ რიგში მათი მთავრობის საქციელი, მათი მცდელობა რომ ხელში ჩაეგდოთ და გაენადგურებინათ მთავარი, ყველაზე მკვეთრად გამოხატული პროდასავლური მედიასაშუალება საქართველოში - რუსთავი2, მაშინ როცა ივანიშვილის მთავრობა სახელმწიფო ბიუჯეტიდან აფინანსებს ღიად პრორუსულ საქართველოს სახელმწიფოს მიმართ მტრულად განწყობილ პროპაგანდისტულ მედიასაშუალებებს. თუ არაფერი არ ააქვს დასამალი ჩვენს მთავრობას, მაშინ რატომ მოითხოვა მისთვის სამარცხვინოდ საგარეო საქმეთა მინისტრმა ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის გუშინწინდელი სხდომის დახურვა, სადაც იგი კრიტიკის ქარცეცხლში გაატარეს. გასაგებია რომ მას არ სურს რომ ეს კრიტიკა გაიგოს ბიძინა ივანიშვილმა, მისმა უშუალო უფროსმა, მაგრამ ასეთ ზღვარგადასულ სიცრუეს, ასეთ გადაბრალებების ტაკტიკას ძალიან მოკლე ფეხები აქვს“ - აცხადებს კანდელაკი.
პრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა, რომ "ნაციონალური მოძრაობის" წევრები - დავით ბაქრაძე და გიორგი კანდელაკი ევროკავშირში ითხოვენ, საქართველოს ვიზალიბერალიზაცია არ მისცენ.
,,ჩემს მინისტრებს დაუდასტურეს, გაოცებულები ვართო. მათ პირდაპირ უთხრეს, კი მაგრამ თქვენ არ ხართ საქართველოს მოქალაქეები? - მაგრამ მათ უთქვამთ, რომ ამ მთავრობის პირობებში არ არის სასურველი საქართველომ მიიღოს უვიზო მიმოსვლა. ამას რა უნდა დავარქვა, თუ არა მტრობა ჩვენი ხალხის და ქვეყნის. ეს ისე, ინფორმაციისთვის", - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.