გენერალური აუდიტორი ლაშა თორდია სახელმწიფო უწყებებში გაცემულ დანამატებებზე მინისტრების მიერ კგაკეთებულ შეფასებებს ეხმაურება და აცახდებს, რომ კულტურის სამინისტროში დანამატების რაოდენობა გაზრდილია 604%-ით, ხოლო სიპების ჩათვლით 1509%-ით.
"განცხადება მინდა გავაკეთო ცალკეული მინისტრების გამოხმაურებებზე პრემიების და დანამატების საკითხთან მიმართებაში. განსაკუთრებით მინდა შევეხო კულტურის მინისტრის განცხადებას, თითქოს ჩვენ გავაკეთეთ არაადეკვატური დასკვნა დანამატებთან დაკავშირებით. პრემიების საკითხი, რომელიც ასე თუ ისე დარეგულირდა საქართველოს მთავრობის დადგენილებით, მან არ გამოიწვია შესაბამისი შედეგი. ჩვენ არ ვსაუბრობთ ხელფასების ზრდაზე და არ ვეწინააღმდეგებით პოლიციელებისთვის, ექიმებისთვის, ჯარისკაცებისთვის შრომის ანაზღაურების ზრდას. ჩვენი შეფასება მიმართულია დანამატებით პრემიების ჩანაცვლებაზე. ჩვენი დასკვნები ემყარება ხაზინის სამსახურის მიერ მოწოდებულ ციფრებს. კულტურის სამინისტროში დამანატები გაზრდილია 1509%-ით. კულტურის სამინისტროს დაემატა სიპები და მათი თანხების აკუმულირება მოხდა მთლიანად სამინისტროს ბიუჯეტში, თუმცა ამ სიპების გამოკლებით 2015 წლის პირველი 9 თვეს 2014 წლის პირველ 9 თვესთან შედარებით 604%-ით არის გაზრდილი დანამატების რაოდენობა", - განაცხადა ლაშა თორდიამ დღეს გამართულ ბრიფინგზე და დასძინა, რომ სულისკვეთება საქართველოს მთავრობის იყო, რომ შემცირებულიყო პრემიების რაოდენობა, თუმცა თანხობრივ გამოხატულებაში აუდიტის სამსახური ხედავს, რომ შემცირდა პრემიები, მაგრამ გაიზარდა დანამატები.