„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი მიხეილ მაჭავარიანი პრემიერ-მინისტრს, ირაკლი ღარიბაშვილს ურჩევს, ილია ჭავჭავაძის მხოლოდ ძეგლებს ნუ აღადგენს და მისი ლექსებიც წაიკითხოს.
ამ რეპლიკით მაჭავარიანი ვიზა-ლიბერალზიაციასთან დაკავშირებით, დღეს, პრემიერ-მინისტრის მიერ გაკეთებულ განცხადებას გამოეხმაურა და ილია ჭავჭავაძის ლექსიდან - „ჩემო კალამო, ჩემო კარგო, რად გინდა ტაში“ ამონარიდი წაიკითხა.
მაჭავარიანის თქმით, მთავრობა რთულ მდგომარეობაში, ქვეყნის გაერთიანებაზე უნდა ფიქრობდეს, მისი ყველა განცხადება კი მიმართულია, ქვეყნის დაყოფასა და მტრების ძებნაზე.
„პრემიერმა ძალიან კარგად იცის, „რუსთავი 2“-თან დაკავშირებით, რა მძიმე საუბარი წარიმართა მაშინ, როცა ფედერიკა მოგერინი თბილისში იყო. ასევე მძიმე საუბარი იყო იმ პრობლემებიდან გამომდინარე, რომელიც მთავრობას აქვს პოლიტიკური ოპონენტებისა და თავისუფალი მედიის წინააღმდეგ. რა თქმა უნდა, ეს საუბარი კაბინეტში დარჩა, მაგრამ ძალიან ბევრი მეგობარი გვყავს, რომელმაც მოგვიყვა, რა მძიმე საუბარი იყო და მთავრობის არადეკვატური პოლიტიკა როგორ შეუშლიდა ხელს საქართველოს ევროინტეგრაციას“, - აცხადებს მაჭავარიანი.
დეპუტატი ბრიუსელში „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერების ვიზიტსაც ეხმაურება და ამბობს, რომ უმცირესობა უცხოეთში იმ პრობლემების მოსაგვარებლად დადის, რომელიც საქართველოს მოქალაქეებს ნატოსთან და ევროკავშირთან დაახლოებას უკავშირდება.
„ვიზა ლიბერალზიაცია ჩვენი ხელისუფლების მიერ დაწყებულია. მიგვაჩნია, რომ ეს იქნება წარმატება საქართველოსთვის. თუ ამ მთავრობამ თავისი გაიტანა და რუსების ვიზების საკითხი უფრო სწრაფად გადაწყდა, რისთვისაც აბაშიძე მის მეგობარ კარასინთან წასულია, ეს იქნება დიდი იმედგაცრუება მოქალაქეებისთვის“, - აცხადებს მაჭავარიანი.
პრემიერ-მინისტრის განცხადებით, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები - დავით ბაქრაძე და გიორგი კანდელაკი ევროკავშირში ითხოვენ, საქართველოს ვიზალიბერალიზაცია არ მისცენ.