ლეიბორისტული პარტია ამერიკის ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის მიერ დღეს გამოქვეყნებულ კვლევებთან დაკავშირებით NDI-ის თბილისის ოფისს საპროტესტო განცხადებით მიმართავს.
"მას შემდგ, რაც სხვადასხვა ნაციონალური ტელეარხით აღნიშნული გამოკვლევის შედეგები გამოქვეყნდა, საქართველოს ლეიბორისტული პარტიის სახელით, NDI-ის თბილისის ოფისში დავრეკე და ოფისის ხელმძღვანელს ჩვენი პრინციპული პროტესტი გადავეცი. ამასთან, პარტიის საერთაშორისო სამდივნო ამზადებს შესაბამის საპროტესტო, ძალიან პრინციპულ განცხადებას, რომელიც ხვალ გახმიანდება და ვაშინგტონში, შესაბამის მისამართებზე გაიგზავნება", - განუცხადა შრომის პარტიის საერთაშორისო მდივანმა ნესტან კირთაძემ "ჯი-ეიჩ-ენს".
მისი შეფასებით, NDI-ის მიერ გამოქვეყნებული კვლევის შედეგები "ფარსი" და "სრულიად გაყალბებულია", რომელიც სააკაშვილის ერთპიროვნული რეჟიმის შენარჩუნებას ემსახურება.
"როგორც ჩანს, NDI-მაც, სხვა ამერიკული ორგანიზაციების მსგავსად მიიღო გადაწყვეტილება, აღმოჩნდეს მიხეილ სააკაშვილის ერთპიროვნული რეჟიმის შენარჩუნებისთვის ბრძოლის საერთაშორისო ცენტრად. ამერიკულმა ორგანიზაციებმა უკვე ტრადიციად აქციეს ქართველი ხალხისა და საქართველოს მრავალეროვანი მოსახლეობის გრძნობების, განცდების და განწყობების გაყალბება", - განმარტა კირთაძემ.
გარდა ამისა, ლეიბორისტული პარტიის საერთაშორისო მდივნის ინფორმაციით,
NDI-ის თბილისის ოფისმა კვლევის ჩატარება "ცნობილ გამყალბებლებს, ხელისუფლების ცნობილ მხარდამჭერებს და ანტიეროვნულ არასამთავრობო ორგანიზაციებს, მათ შორის გიგი თევზაძის, დავით დარჩიაშვილის და გიგა ბოკერიას ორგანიზაციებს შეუკვეთა".
"NDI-ის მიერ დღეს გამოქვეყნებული შედეგების საფუძველზე გაკეთდა ასეთი კომენტარებიც, რომ პრეზიდენტ სააკაშვილს უფლება აქვს მესამე ვადითაც იყაროს კენჭი, რადგან მას მოსახლეობის 50 %-ზე მეტი უჭერს მხარს. რა ჰქვია ამას? ეს იაფფასიანი ხუმრობაა თუ წინასწარ გამოტანილი ვერდიქტი?", - დასძინა კირთაძემ.