რამდენიმე ათეულ პირს საქართველოში შემოსვლის უფლება არ მიეცა, - განაცხადა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსმა უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ.
ვახტანგ გომელაურმა აღნიშნა, რომ შესაბამის სამსახურებს მაქსიმალური კონტროლი აქვთ დაწესებული, რათა სირიაში გადასვლის მსურველი პირების მიერ საქართველოს ტრანზიტული მიზნით გამოყენება არ მოხდეს.
"ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილებები და ტერაქტის შემდეგ საზღვრებზე უკვე გამკაცრდა ქვეყანაში შემოსვლა სხვადასხვა ქვეყნიდან, ძირითადად - აზიური და აფრიკული სახელმწიფოებიდან. მაქსიმალურად ვცდილობთ, რომ ტრანზიტად არ გამოიყენონ ჩვენი ქვეყანა და საქართველოს გავლით არ მოხვდნენ სირიაში და არ მიიღონ საბრძოლო მოქმედებებში მონაწილეობა. რამდენიმე ათეული ადამიანი უკვე დავბლოკეთ, ასევე გამკაცრებულია კონტროლი გამშვებ პუნქტებზე", - განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.
გომელაურმა აღნიშნა, რომ უწყება კოორდინირებულად მუშაობს შს სამინისტროსთან.
"კოორდინირებული მუშაობა შედგა შს სამინისტროსთან. ეს გრძელდება და დღეს კიდევ დაიგეგმა, რომ უფრო გამკაცრდება ზომები სტრატეგიული ობიექტების, უსაფრთხოების დაცვისა და სხვა მიმართულებით. გამკაცრება დავიწყეთ იმ დილითვე, როცა საფრანგეთში ტერაქტი მოხდა, თუმცა ახლა დამატებითი ღონისძიებები გატარდება", - აღნიშნა გომელაურმა.