გალაკტიონის დაბადებიდან 124-ე წლის აღსანიშნავად პოეტის მემორიალურ სახლ-მუზეუმში მისი შემოქმედებისადმი მიძღვნილი საღამო გაიმართა, რომელსაც ქალაქის მერი დავით ნარმანია, დედაქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომისიის თავმჯდომარე გულიკო ზუმბაძე, კულტურის მინისტრი მიხეილ გიორგაძე, მერიის კულტურის საქალაქო სამსახურის ხელმძღვანელი ია მაქცარია და სხვა მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ.
მუზეუმის პოპულარიზაციის მიზნით, თბილისის მერიის კულტურის საქალაქო სამსახურის მხარდაჭერით, გალაკტიონის ფოტოებითა და ხელნაწერებით გაფორმებული სუვენირები დამზადდა და წიგნი სახელწოდებით- „მე ვკითხულობ გალაკტიონს“ გამოიცა.
წიგნში, რომლის პრეზენტაციაც გალაკტიონ ტაბიძის ბინა-მუზეუმში უკვე შედგა, რიგითი მოქალაქეების მიერ გალაკტიონის ლექსების კითხვის პროცესია აღბეჭდილი.
იუბილეზე გალაკტიონის ლექსები მსახიობმა მურმან ჯინორიამ წაიკითხა.
გამოჩენილი ქართველი პოეტი და საზოგადო მოღვაწე 1891 წლის 17 ნოემბერს ვანთან ახლოს, სოფელ ჭყვისში დაიბადა.
„პოეტების მეფემ“ სიცოცხლე 1959 წლის 17 მარტს თვითმკვლელობით დაასრულა.