პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარის, დიმიტრი ხუნდაძის განცხადებით, 2010 წელს, სოციალურად დაუცველთა რაოდენობა 350 000-მდე გაიზარდა, ხოლო 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის - 500 000-ს გადასცდა.
სოციალურად დაუცველი ადამიანების საკითხზე ხუნდაძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე ისაუბრა.
კანონმდებელის ცნობით, „ნაციონალური მოძრაობა“ მმართველობის პერიოდში, წინასარჩევნოდ ყველანაირ მანიპულაციას იყენებდა.
მისი ინფორმაციით, სტატუსის გაცემის ქრონოლოგია არჩევნების მოახლოებას ზედმიწევნით მისდევს.
„ეს არის არჩევნებზე დაფუძნებული სოციალური პოლიტიკა საარჩევნო ხმების მისაღებად და არა საკუთარი მოსახლეობის მდგომარეობის გამოსასწორებლად“, - დასძინა ხუნდაძემ.