პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარის, ზურაბ ტყემალაძის მტკიცებით, კერძო კომპანიებისა თუ ფიზიკური პირების მხრიდან სახელმწიფო ბიუჯეტის მხარდაჭერა კანონის სრული დაცვით ხდება.
ამის შესახებ მან მედიაში გავრცელებული ინფორმაციის შესახებ კომენტირებისას განაცხადა, რომლის თანახმადაც, ბოლო სამი წლის განმავლობაში, სახელმწიფო და ადგილობრივ ბიუჯეტებში 72 მილიონზე მეტი ლარია ჩარიცხული კერძო კომპანიებისა თუ ფიზიკური პირების მიერ.
„ბიუჯეტის მხარდაჭერა კანონის სრული დაცვით ხდება და ჩვენს ოპონენტებს ეს საკითხი გასაკრიტიკელბად არ გამოადგებათ. ბიუჯეტში თანხა გადარიცხულია არა იძულებითი წესით, არამედ ნებაყოფლობით. შეგიძლიათ, ყველა გადამრიცხავი ორგანიზაცია მოიკითხოთ“, - აცხადებს ტყემალაძე.
კანონმდებელი ირწმუნება, რომ მთავრობა ბიზნესის წახალისებას და დახმარებას ცდილობს.
„ფადი ასლია ის, ვინც რაღაცეებს საუბრობს და მან სჯობს, თავის ბიზნესს მიხედოს. არ არსებობს ბიზნესმენი, რომელიც შეწუხებულია მთავრობის მიერ. შეიძლება, მავანი და მავანი გულდაწყვეტილი იყოს უფრო მეტად რომ ვერ ვეხმარებით, მაგრამ მთავრობა ბიზნესის განვითარებას ეხმარება და ეს სახეზეა“, - განაცხადა ტყემალაძემ.