პარლამენტის თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილი ვარაუდობს, რომ მომავალი წელი ტერორიზმთან ბრძოლის თვალსაზრისით, ძალიან აქტიური იყოს.
როგორც ჟურნალისტებს სესიაშვილმა განუცხადა, საფრანგეთში მომხდარი ტერორისტული აქტიდან გამომდინარე, ქვეყნებს საკუთარი სტრატეგიისა და რესურსების გადახედვა, გაძლიერება და გაუმჯობესება მოუწევთ.
მისი თქმით, ამ საკითხზე საქართველოს მთავრობაც იმუშავებს.
„არ გამოვრიცხავ, რომ მომავალი წელი ტერორიზმთან ბრძოლის თვალსაზრისით, ძალიან აქტიური იყოს. ჩვენ გლობალური ანტიტერორისტული ღონისძიებების ნაწილი ვართ. შესაძლებელია, ამ მიმართულებით ჩვენი შესაძლებლობების გადახედვა მოგვიწიოს, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენს პარტნიორებთან ძალიან აქტიურად ვთანამშრომლობთ და მნიშვნელოვანი შედეგებიც გვაქვს“, - განაცხადა სესიაშვილმა.
„თავისუფალმა დემოკრატებმა“ კონტრდაზვერვისა და საზღვრის დაცვის დეპარტამენტისთვის ბიუჯეტის გაორმაგება მოითხოვეს.