პოლიტოლოგი მამუკა არეშიძე მიიჩნევს, რომ ევროპული უსაფრთხოების სისტემაში, პარიზი სუსტი წერტილია. დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე მან განმარტა, რომ საფრანგეთმა დაუშვა შეცდომა, როდესაც ფართოდ გაუღო კარები მისი ყოფილი კოლონიების მოქალაქეებს.
„ცივილიზებული სამყარო რეაგირებს ასეთ „ეფექტურ“ ტერაქტებზე, თუმცა ეს მანამდე მოხდა პაკისტანში, ინდონეზიაში, ბეირუთში… ეს ტერაქტი „ეფექტური“ იმიტომ აღმოჩნდა, რომ ის პარიზში მოხდა. დარწმუნებული ვარ, ეს აფეთქებები სხვადასხვა ქვეყანაში, სხვადასხვა ეფექტურობით გაგრძელდება. პარიზი ევროპული უსაფრთხოების სისტემაში სუსტი წერტილი აღმოჩნდა, რადგან საფრანგეთმა გასული საუკუნის 60-ანი წლებიდან დაუშვა შეცდომა, მან საკუთარი ქვეყნის კარები ძალიან ფართოდ გააღო და მისი ყოფილი კოლონიებისთვის საფრანგეთის მოქალაქეობის მიღება ძალიან ადვილად მისაღები გახდა. პარიზში არის უბნები, სადაც ფრანგულად არც ლაპარაკობენ, ამას ემატება უმუშევრობა, კრიმინალური ფონი, რაც საჭირო გარემოს ქმნის ტერორისტებისთვის”, - განაცხადა პოლიტოლოგმა.