საპარლამენტო უმრავლესობის წევრი გია ვოლსკი მიიჩნევს, რომ „ისლამური სახელმწიფოსგან“ საფრთხეები საქართველოსაც ეხება.
ჟურნალისტებთან საუბარში ვოლსკიმ ყურადღება საფრანგეთში განვითარებულ მოვლენებსა და ტერორისტულ აქტებზე გაამახვილა და განაცხადა, რომ ISIS გლობალური პრობლემაა და შესაბამის უწყებებს მუდმივი კოორდინაცია და თანამშრომლობის ახალი ფორმების შემოღება მართებთ.
მისი მოსაზრებით, ყველა ქვეყანამ მონაწილეობა საერთაშორისო ანტიტერორისტულ ოპერაციებში უნდა მიიღოს.
„რა საკვირველი, საფრთხეები არსებობს. საუბარია იმაზე, რამდენად მნიშვნელოვანია ქართველთა მონაწილეობა ანტიტერორისტულ ოპერაციებში. ყველასთვის ნათელია, რომ ყველა ქვეყანამ თავისი სრული რესურსი უნდა გამოყოს იმისათვის, რათა საფრთხეები ააცილოს არა მარტო საკუთარ ოჯახებს, არამედ სრულიად მსოფლიოს“,- განაცხადა ვოლსკიმ.
საქართველოს უსაფრთხოების სამსახურმა ინფორმაცია გაავრცელა, რომ საქართველოს სტრატეგიულ ობიექტებზე დაცვა გაძლიერდა.