მათ სურდათ, რომ პრეზიდენტი ყოფილიყო მორჩილი და ყურმოჭრილი მონა, რომელიც მიიღებდა იმ გადაწყვეტილებებს, რასაც გადაწყვეტდა მართველი კოალიცია. ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტის მრჩეველმა ფიქრია ჩიხრაძემ რუსთავი 2-ის ეთერში განაცხადა.
ჩიხრაძის განცხადებით, ასეთი პოლიტიკა ჩიხრაძის აზრით „არავის წაადგება.“
პრეზიდენტის მრჩეველი მიიჩნევს, რომ გიორგი მარგველაშვილი სახალხო პრეზიდენტია.
„მარგველაშვილი პირდაპირი არჩეული პრეზიდენტია და მან თავისი მოღვაწეობით და დამოუკიდებლობით მან შეიძინა სახალხო ლეგიტიმაცია. როგორც ჩანს ესეც არის ერთგვარი გაღიზიანების ამბავიც“, - განაცხადა ფიქრია ჩიხრაძემ და დასძინა, - "პრეზიდენტის სასახლიდან გამოსახლების შესახებ მიმდინარე პოლემიკაში პრეზიდენტი ცდილობს არ ჩაერთოს".
ჩიხრაძემ არ გამორიცხა, რომ მმართველმა კოალიციამ შექმნას კანონი, რომლითაც შექმნის პრეზიდენტის რეზიდენციიდან „გამოსახლების“ საფუძველს.
"თუ მმართველი კოალიცია დაირაზმება რომ თვითმიზნად აქციონ ის რომ როგორმე შექმნას საფუძველი პრეზიდენტის ამ სასახლეში არ ყოფნისა ბუნებრივია ასეთი ყურით მოთრეული ღონისძიებები შეიძლება განხორციელდეს და სპეციალური კანონის შექმნა მოინდომოს ვინმემ. როდესაც ქვეყანაში ამდენი პრობლემებია დაგროვილი, როცა მსოფლიოში სრულიად სხვა თემებზე მიდის მსჯელობა საქართველოს ამ დემოკრატიული სამყაროდან ასე უცნაურად ამოვარდნილი არ აღმოჩნდება", - აღნიშნა ჩიხრაძემ.
ფიქრია ჩიხრაძე პრეზიდენტ მარგველაშვილის წინააღმდეგ დაწყებულ კამპანიას ბიძინა ივანიშვილთან არსებულ პირად უთანხმოებას უკავშირებს.
„ყველამ ვიცით ეს დამალული არ არის, ბიძინა ივანიშვილი არ მალავს ამას, ეს პრობლემა მოდის მათი პირადი ურთიერთობიდან, როდესაც რაღაც აღარ დალაგდა იმის გამო რომ მარგველაშვილი საკმაოზე მეტად დამოუკიდებელი პერსონა აღმოჩნდა. ძალიან ცუდი იქნება და პრობლემური გახდება, თუ ჩვენ დავინახავთ რომ მოქალაქე ბიძინა ივანიშვილის კვალდაკვალ მთელი სამთავრობო სტრუქტურა და მმართველი კოალიცია დაიწყებს უკვე სამართლებრივი და პოლიტიკური ნაბიჯების გადადგმას. ეს იქნებოდა დამტკიცება იმისა რომ საქართველოში მართლაც დამკვიდრებულია არაფორმალური მმართველობა", - განაცხადა ფიქრია ჩიხრაძემ.